ეთნოსოფლის პირველი ვიზიტორთა ცენტრი მაჭახლის ხეობაში

02 ივნისი 2023, 18:34 818 ნახვა

ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა მაჭახლის ხეობაში. ცენტრი ეთნოსოფლის პროექტის ფარგლებში მოეწყო, სადაც ტურისტებს  ხეობის შესახებ მათთვის საინტერესო ინფორმაციას მიაწვდიან. ცენტრი თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, ასევე  აქვს სადემონსტრაციო კუთხე ხელნაკეთი ნივთებით. შესაბამისად აქ მოსულ ვიზიტორს ხეობის ისტორიისა და ტურისტული მარშუტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.  დღეს კი ამ ყველაფერთან ერთად ცენტრის გახსნაზე, მაჭახლელებს წარმოდგენილი ჰქონდათ საკუთარი ნაწარმი, მათ შორის, უძველეს მარანში დაწურული ღვინო, ადგილობრივი კერძები და მაჭახლის თოფი. მისი დამზადების ტექნოლოგიაც კი გააცნეს ცენტრის სტუმრებს.  ახალი ტურისტული ობიექტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ეკონომიკის მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად გახსნა. ეთნოსოფლის პროექტი ვიზიტორთა ცენტრის გარდა ითვალისწინებს ასევე საზოგადოებრივი ცენტრის მოწყობას და მაჭახლის ხეობაში არსებული ისტორიული შენობების რეაბილიტაციას. მაჭახელა ისტორიული დასახლებაა, რომელიც ქალაქიდან 39 კილომეტრზე მდებარეობს და ტურისტების ინტერესი თამარ მეფის ხიდებით ცნობილ ხეობაში ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს ხეობა 50 ათასამდე ვიზიტორმა მოინახულა.  ხეობას უკვე აქვს ეროვნული პარკისა და დაცული ლანდშაფტის სტატუსი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი