Wizz Air-მა ქუთაისიდან 5 ახალი მიმართულებით ფრენები დაიწყო

02 ივნისი 2023, 13:27 671 ნახვა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-მა მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და 5 ახალი მიმართულებით ფრენები დაიწყო. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრანკფურტიდან და ჰამბურგიდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისები უკვე შესრულდა.

"დღეიდან, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება ევროპის 5 ქალაქის: ფრანკფურტის, ჰამბურგის, ბრიუსელის, მადრიდისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყო. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრანკფურტიდან და ჰამბურგიდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისები უკვე შესრულდა. მესამე ბაზირებული ხომალდის დაბრუნებასთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილი, აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი 5 ახალი მიმართულებით, უკვე ნიშნავს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წელთან შედარებით მიმართულებები სრულად აღდგა.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი WIZZ AIR საქართველოს ბაზრის ერთგული რჩება და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფართოვდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად მუშაობს მგზავრების კომფორტისა და ხარისხის გაზრდაზე. ჩვენ არა ერთი მიმდინარე მოლაპარაკება გვაქვს ახალი მიმართულებების მოზიდვაზე და არსებული ფრენების რაოდენობის გაზრდაზე. დღევანდელი დღე ჩვენს მიერ სწორად ნაწარმოები მოლაპარაკებისა და სტრატეგიის შედეგია და ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმის გათვალისწინებით, რომ 27 მიმართულება უკვე ჩაითვლება, როგორც მიმართულებების რაოდენობის სრულ აღდგენად 2019 წელთან შედარებით. გარდა ამისა, წლევანდელი წელი იქნება ისტორიული წელი რადგანაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ველოდებით მილიონზე მეტ მგზავრს, რაც ნიშნავს რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალ სიტყვას იტყვის ქართულ საავიაციო ბაზარზე”,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ახალი მიმართულებების გარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე, ასევე შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.

„5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. ხოლო, პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი