შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა სანებართვო სისტემაში მოექცევა, ავტოსადგურები სერტიფიცირებას დაექვემდებარება - ლევან დავითაშვილი

29 მაისი 2023, 14:10 1188 ნახვა

საქართველოს მთავრობა ავტოსადგურების რეფორმის განხორციელებას გეგმავს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 2025 წლის მაისამდე, ქვეყანაში პირველი, მეორე და მესამე კლასის თანამედროვე ტიპის ავტოსადგურები მოეწყობა.

მისივე თქმით, რეფორმის პირველი ეტაპის მოთხოვნები, რაც სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო ნორმებთან შესაბამისობას მოიცავს, გადამზიდავებმა 2024 წლის თებერვლამდე უნდა დააკმაყოფილონ.

„ეს რეფორმა თვეების განმავლობაში მუშავდებოდა სამინისტროში და შემდგომში იხილებოდა ეკონომიკურ გუნდში. დღეს უკვე გამზადებული პაკეტი მთავრობამ დაამტკიცა და პარლამენტს გადაეგზავნა. პროექტი შემუშავებულია ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეფორმის ფარგლებში. კანონპროექტი ითვალისწინებს შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოქცევას სანებართვო სისტემაში, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ავტოსადგურების სერტიფიცირებას ჩვენი სახმელეთო სააგენტოს მიერ.

 

იცით, რომ დღეს ქვეყანაში უამრავი ავტოსადგური არსებობს, რომელიც არანაირ წესებში არაა მოქცეული, არანაირი სტანდარტი არ არის დაცული და სამწუხაროდ, ხარისხი არის ძალიან დაბალი. ეს ჩვენი ქვეყნის ვიზუალზეც აისახება, ტურიზმის სექტორზეც და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეები არც ისე კომფორტულ პირობებში სარგებლობენ შიდა, საქალაქთაშორისო, თუ საერთაშორისო გადაზიდვებით. ამ შემთხვევაში, კონკრეტული მოთხოვნები იქნება ასეთი ავტოსადგურების მიმართ. სამი ტიპის ავტოსადგური განისაზღვრება. ეს იქნება პირველი, მეორე და მესამე კლასი. დიდ ქალაქებში იქნება პირველი კლასის ავტოსადგურები, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება და ძალიან პატარა მუნიციპალურ ცენტრებში, იქნება მცირე მოთხოვნებით, მაგრამ თანამედროვე ვიზუალის და ყველა იმ მინიმალური კომფორტის და უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს მგზავრებს სჭირდებათ.

 

ასევე, ავტოსადგურები სერტიფიცირებას დაექვემდებარება. სერტიფიცირების ჩატარების წესი მთავრობის მიერ განისაზღვრება. თითოეული მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობას განსაზღვრავს და მუნიციპალიტეტებსაც თავისი უფლებამოსილებები განესაზღვრებათ.

 

2024 წლის თებერვლამდე უკვე პირველი ეტაპის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ გადამზიდავებმა, რაც შეეხება მინიმალურ მოთხოვნებს, რომ სატრანსპორტო საშუალებები უსაფრთხოების ნორმებს შეესაბამებოდეს და უკვე 2025 წლის მაისისთვის, ავტოსადგურების მთლიანი რეფორმა სრულყოფილად უნდა განხორციელდეს,“ - განაცხადა მინისტრმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა განმარტა, ავტოსადგურების კლასიფიცირება მოხდება მუნიციპალიტეტების მიხედვით – დიდ ქალაქებში იქნება პირველი კლასის ავტოსადგურების, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, ასევე ძალიან პატარა მუნიციპალურ ცენტრებში იქნება შედარებით მცირე მოთხოვნების, მაგრამ თანამედროვე ვიზუალის, ყველა მინიმალური კომფორტის და უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით მოწყობილი ავტოსადგურები.

ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან შედეგებს, რომელსაც ქვეყანა მიიღებს რეფორმის შედეგად.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ მივიღებთ ორ ძირითად შედეგს: ავტოსადგურები იქნება მოწესრიგებული საერთაშორისო, თანამედროვე, ცივილიზებული პრინციპების შესაბამისად და მოექცევა სტანდარტებში, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებები და გადამზიდავი კომპანიები სანებართვო წესებს დაექვემდებარებიან, რომ მათაც უნდა დააკმაყოფილონ მინიმალური სტანდარტები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბილეთების სისტემა იქნება გამჭვირვალე და ელექტრონული“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი