დღეს თქვენი აქ დგომა იმის ნიშანია, რომ ჩვენს არც ერთ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია - ჩვენი ჯარი სახელმწიფოს გამძლეობისა და მედეგობის უტყუარი ნიშანია, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას წვევამდელებს.
პრეზიდენტის თქმით, ქართულმა ჯარმა ქვეყნის საზღვრებს მიღმა სამშვიდობო მისიებში თავდადებისა და პროფესიონალიზმის მრავალი მაგალითი აჩვენა. ასევე, სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, 1923 წლის 21 მაისს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ გენერალ კოტე აფხაზის მეთაურობით მებრძოლ 15 სამხედროს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს.
„თავისუფლების იდეალი ისტორიის ყველა ეტაპზე იყო ჩვენი მრავალათასწლოვანი კულტურის, საზოგადოებრივი ცხოვრების, ქართველთა ყოველდღიურობის უმთავრესი განმსაზღვრელი. ჩვენ უძველესი ქრისტიანული ქვეყანა ვართ, სადაც ღვთის სიტყვას თვით იესო ქრისტეს მოციქულები ქადაგებდნენ; საუკუნეებია ჩვენს განვითარებას სწორედ სახარებისეული ფასეულობები განაპირობებს, რომელთა შორის თავისუფლება უზენაესია'' - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მეფე ერეკლეს ქვეყანა და სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ფასი აქვს თავისუფლებას.