ვისურვებდი, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს სულიერადაც ზეიმობდეს, დარწმუნებული იყოს, რომ ვისაც ამის პასუხისმგებლობა გააჩნია, ის მართლაც იცავს საკუთარ მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს ის დღეა, როცა ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, გამოსავალი ვეძებოთ და მომავლის იმედი დავიბრუნოთ.
„ეს დღე თავისით არ მოსულა. იმისთვის, რომ 26 მაისი დამდგარიყო, ჩვენმა წინაპრებმა დამოუკიდებლობის მიზანს სიცოცხლე მიუძღვნეს, თავი გაწირეს და ძალა არ დაიშურეს. ქართველებმა ვიცოდით თავდაცვაც და თავდადებაც. ვიცოდით, თავისუფლებისა და მშვიდობის ფასი, გვესმოდა რომ ერთი მეორისგან განუყოფელია. ქართველები არცერთი ქვეყნის ჩრდილქვეშ ცხოვრებას არ ეგუებოდნენ. მიზნად არც რომელიმე ქვეყნის დაპყრობას თუ მტრობას არ ისახავდნენ. რუსეთის იმპერიის წნეხის ქვეშ, ტოტალური რუსიფიკაციისა და ერთმორწმუნე ძმის მიერ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების, ფრესკების განადგურების მიუხედავად, შევძელით და შევინარჩუნეთ ენაც და სარწმუნოებაც. 70-წლიანმა საბჭოთა ოკუპაციამ და 26 მაისის ხსენების აკრძალვამაც კი ვერ მოახერხა დამოუკიდებელი საქართველოს იდეის მოსპობა. ვერასდროს ვერავინ ვერაფრით ჩაკლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების წყურვილი, პირიქით, რაც უფრო მეტად გვებრძოდნენ, მით უფრო მეტად ძლიერდებოდა დამოუკიდებლობის ჟინი და საზოგადოების შემართება. დღემდე ამ ღირსებით, პრინციპებითა და შეგნებით მოვედით.
26 მაისი სხვა არაფერია, თუ არა ამ სულისკვეთების განსახიერება. დღე, როცა უნდა ვამაყობდეთ წარსულით და ახალი თაობის უკეთეს მომავალს ვამზადებდეთ. დღე ზეიმისა და ამაღლებული განცდების. ზეიმიც გვაქვს და ულამაზესი სანახაობაც. ამავე დროს, ვისურვებდი რომ ჩვენი საზოგადოება დღეს სულიერადაც ზეიმობდეს, დარწმუნებული იყოს, რომ ვისაც ამის პასუხისმგებლობა გააჩნია, ის მართლაც იცავს საკუთარ მოქალაქეებს, აძლიერებს ქვეყანას, ხვალინდელი დღისთვის თავისუფალ, დემოკრატიულ და ღირსეულ საქართველოს აშენებს და ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ამ მიზანს მიაღწიოს“ , - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყნის მთავარი იმედი საზოგადოებაა, რომელმაც ყველა კრიტიკულ მომენტში დაანახა მსოფლიოს თავისი ერთიანობა, პრინციპულობა, უკრაინის მიმართ სოლიდარობა, ტოლერანტობა და ევროპული არჩევანისა და მისი ღირებულებების ერთგულება.
„დღეს 26 მაისია და ეროვნული სიამაყის დღე უნდა იყოს, შემართებისა და ღირსების დღე. იმედის გრძნობა თუ გაგვაჩნია, იმ ახალგაზრდებს უნდა ვუმადლოდეთ, ვინც თავისი წარმატებით, საკუთარი ნიჭით, შრომითა და ჟინით შეძლეს და საქართველო კულტურაში, სპორტში თუ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ასახელეს. მჯერა, რომ ისინი ამ ქვეყანაში თავისუფალ აზროვნებასთან ერთად, ცოდნას, პროფესიონალიზმსა და ახალ პერსპექტივებს დანერგავენ. იმედის გრძნობა კიდევ იმაში გამოიხატება, რომ დღეს ვუყურებთ, თუ როგორ იცავენ აფხაზები მიწას. იმედი გვიჩნდება, როდესაც იქ მცხოვრები ქართველები ყველა შევიწროებას უმკლავდებიან და არ თმობენ არც ქართულ ენას და არც ქართველობას. სიამაყის განცდა გვეუფლება, როდესაც ვუყურებთ ჩვენს მოსახლეობას, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს და ურთულესი პირობების მიუხედავად, მტერს არა ნებდება, გატაცებებმა ვერ შეაშინა და ვერ გააძევა საკუთარი სახლიდან.
ყველაზე მთავარი იმედი ჩვენი საზოგადოებაა, რომელმაც მსოფლიოს ყველა საჭირო დროს აჩვენა თავისი ერთიანობა, პრინციპულობა, უკრაინის მიმართ სოლიდარობა, ტოლერანტობა და ევროპული არჩევანისა და მისი ღირებულებების ერთგულება. ამ საზოგადოების ძალა და შემართება ყველასათვის გასათვალისწინებელია, რამეთუ ის, ხვალინდელ დღეს წარმოადგენს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივსა და ღირსებაზე არ ფიქრობს.
"ჩვენი ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივზე და ღირსებაზე არ ფიქრობს. გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ჩვენს პოლიციას შეუძლებელ ამოცანას ვუსახავთ და გამოწვევის წინაშე ვაყენებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია და მის ტერიტორიაზე რუსის ჯარია, განსაკუთრებულად უნდა იცავდეს სტაბილურობას. სწორედ ამიტომ ხელისუფლებას ევალება, რომ არ დაუშვას ისეთი სიტუაციისწარმოქმნა, რომელსაც უთუოდ მოჰყვება ვნებათაღელვა და ესკალაცია.
ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა. ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა. უნდა იცოდე, ვინ შემოდისდა ვინ გადის ქვეყნიდან. ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები, ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ. მაშინ, როცა მუდმივად აპელირებენ მშვიდობაზე და სიფრთხილეზე, ნუთუ ამ დროს ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალაციის საფრთხე?! გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს. არ შეიძლება ოკუპაციის კანონის და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა, რადგან ამან ერთი მხრივ, შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით პროტესტი და მეორე მხრივ უთანხმოება ჩვენს უახლოეს და სტრატეგიულ პარტნიორებთან. ასევე გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა შენივე ქვეყნის მმართველი ძალა ქსენოფობიას გაბრალებს. ჩვენს ისტორიას ასეთი ბრალდება არ ახსოვს. ბრალდება ქვეყნის მიმართ, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შემწყნარებლობით და სტუმართმოყვარეობით გაითქვა სახელი. ეს ყოველივე არა მხოლოდ წარსულითაა დამტკიცებული, ქართველ და ებრაელთა 26 საუკუნოვანი თანაცხოვრებით, არამედ დღესაც, როცა ოკუპანტი ქვეყნიდან უსიტყვოდ მივიღეთდა ვაცხოვრებთ 80 000-მდე იმიგრანტს და მთელი ამ დროის განმავლობაში არცერთი სერიოზული ინციდენტი არ ყოფილა. ეს ბრალდება ასევე სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან ყველამ კარგად ვიცით და გვახსოვს, რომ რუსეთი მეზობლებზე თავდასხმებს რუსულენოვანი ხალხის დაცვით ამართლებს"- განაცხადა პრეზიდენტმა.