მორიგი მძიმე ღამე უკრაინაში - ქვეყნის არაერთ ოლქში, მათ შორის, კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ისმოდა აფეთქებების ხმა. რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს დონეცკის ოლქს - დაიღუპა 2 და დაშავდა 6 ადამიანი. 11-ჯერ დაიბომბა სუმის 7 დასახლება. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები. ხარკოვის ოლქში აფეთქებების შედეგად 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში 5 მიმართულებით 37 შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, საომარი მოქმედებების ეპიცენტრში არიან ბახმუტი და მარინკა.
იაპონიაში, ქალაქ ჰიროსიმაში გამართულ დიდი შვიდეულის სამიტზე ცნობილი გახდა თეთრი სახლის გადაწყვეტილება, რომ აშშ დაიწყებს უკრაინელი მფრინავების წვრთნას, ასევე მოკავშირეებს ეფ-16 ტიპის გამანადგურებლების კიევში გაგზავნის უფლებას მისცემს.