დევნილებისთვის დავიწყეთ ბინების მშენებლობის მასშტაბური პროექტი, ბინას მიიღებს 2 400 ოჯახი - პრემიერი

19 მაისი 2023, 11:52 779 ნახვა

ჩვენ დავიწყეთ დევნილებისთვის ბინების მშენებლობის მასშტაბური პროექტი. სახელმწიფომ თბილისში გამოყო შვიდი ჰექტარი ტერიტორია და სამუშაოებზე 245 მილიონ ლარამდე იხარჯება. აშენდება 11 კორპუსი, სადაც ბინა გადაეცემა 2 400 ოჯახს. სამუშაოები დასრულდება დაახლოებით ორ წელიწადში, შესაძლოა, უფრო ადრეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, დევნილებისთვის ბინების მშენებლობის დაწყება იგეგმება ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში და ბორჯომში. მისივე თქმით, ჯამურად, თითქმის 7 000-მდე ოჯახი მიიღებს ახალაშენებულ კორპუსებში სრულად გარემონტებულ ბინებს.

„ამ მასშტაბური პროექტის გარდა, დავიწყებთ ზუგდიდში ასევე მასშტაბურ პროექტს. იქ არის 1 400 ბინაზე გათვლილი პროექტი, იქაც არის მასშტაბური სამუშაოები განსაზღვრული, ჩატარებულია ტენდერი და ძალიან მალე დაიწყება სამუშაოები. ქუთაისში დავიწყეთ ანალოგიურად 700 ოჯახზე გათვლილი პროექტი, რუსთავში 800 ოჯახზე იქნება გათვლილი პროექტი და ბორჯომში კი – 150 ოჯახზე. დევნილებისთვის ძალიან ბევრი ასეთი პროექტი განვახორციელეთ. 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით თითქმის 30 000 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები, ეს არის დაახლოებით 100 000 ადამიანი, რაც ძალიან მასშტაბური და უპრეცედენტოა. მანამდე იყო ძალიან მცირე რაოდენობის ბინა გადაცემული. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, ვიზრუნოთ მაქსიმალურად ჩვენს დევნილებზე, შევუქმნათ ღირსეული პირობები. წელს უკვე გადაეცა ათასს ოჯახს საცხოვრებელი ფართები და დაუკანონდათ. ასე რომ, ვფიქრობ, სწრაფი ტემპებით მივდივართ ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენი მთავარი ოცნება, მთავარი მიზანი უნდა იყოს ჩვენი დაბრუნება აფხაზეთსა და ცხინვალში. ეს ყველაფერი ჩვენს დევნილებს დარჩებათ მათ საკუთრებაში, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა, ოცნება, მიზანი, უნდა იყოს დაბრუნება, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ამიტომ ყველაფერი, რაც დაგავაახლოვებს  ამ დიდ, საერთო ეროვნულ მიზანთან, არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა და მთავარი გასაკეთებელი საქმე. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ზურა აზარაშვილს, მის გუნდს. ძალიან აქტიურად დაიწყეს სამუშაოების განხორციელება, ტენდერები ჩატარებულია, გამოცხადებულია გამარჯვებულები, ძლიერი კომპანიები და ვფიქრობ, ძალიან მალე ჩვენს დევნილებს გადაეცემათ კომფორტული საცხოვრებელი ფართები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი