არ გვინახავს არც ერთი მტკიცებულება, რის გამოც შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს - ლაშა ხუციშვილი

11 მაისი 2023, 13:22 484 ნახვა

ჩვენ არაფერი არ გვინახავს, გასული ერთი წლის განმავლობაში, ყალბი ინფორმაციების და უსაფუძვლო ბრალდებების გარდა, არ გვინახავს არც ერთი დამადასტურებელი მტკიცებულება ან რაიმე ფაქტი, რის გამოც შეიძლება, ეჭვი გასჩენოდა ვინმეს, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

„სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, ალბათ, გასულ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში თქვენ ნახავდით ფინანსთა სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში შესულ უწყებების ათობით განცხადებას იმ უსაფუძვლო ბრალდებებზე, რომელიც კონკრეტულად უწყების მიმართულებით იქნა გაჟღერებული. მე შემიძლია, ვთქვა, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ იქნა გაჟღერებული. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ არაფერი არ გვინახავს ამ პერიოდში ყალბი ინფორმაციების და უსაფუძვლო ბრალდებების გარდა. არ გვინახავს არცერთი დამადასტურებელი მტკიცებულება ან რაიმე ფაქტი, რის გამოც შეიძლება, ეჭვი გასჩენოდა ვინმეს, რომ საერთშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს. ჩვენ მოსმენილი გვაქვს როგორც ამერიკული მხარის, ისე ევროკავშირის, ელჩების დონეზე განცხადებები, რომ არცერთი ფაქტი იმისა, რომ საქართველოში ერთი შემთხვევა მაინც არის იმისა, რომ ვინმემ შეძლო სანქციების გვერდის ავლა, არ მომხდარა",-განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ის ქმედებები, რომელიც საქართველომ გადადგა, არ ტოვებს არც ერთი შეკითხვის შესაძლებლობას.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, როგორც ჩაკეტვაზე, ისე გახსნაზე გადაწყვეტილება ცალმხრივად იყო მიღებული.

„ეს არის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება - როგორც ჩაკეტვასთან, ისე გახსნასთან მიმართებით. ამ მიმართულებით მე რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ პარტნიორი ქვეყნების მიერ იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს ტერიტორიაზე აქტივობას ვერ განახორციელებენ. შესაბამისად, შეშფოთებას, რომელიც გამოითქვა, საფუძველი არ აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული რეგულაციების აღსრულებაზე, რომელიც საერთაშორისო დონეზეა დაწესებული, საქართველოში კითხვები არც აქამდე ყოფილა, არც ახლაა და არ მომავალში არ იქნება“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი