არც ვიზების მოხსნა არ გვჭირდება, არც ფრენების აღდგენა, მოვუწოდებ ხელისუფლებას განიხილოს რუსეთთან 3-თვიანი ვიზების დაწესების საკითხი - პრეზიდენტი

10 მაისი 2023, 16:29 634 ნახვა

მიაჩნია, რომ ეს არის სრულიად მიუღებელი, უადგილო, უდროო, არც ვიზების მოხსნა არ გვჭირდება, არც ფრენების აღდგენა, ვიდრე რუსეთი არის მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და ვიდრე არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი, ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია, – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებაზე ისაუბრა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნა, ეს არის რუსული პროვოკაცია.

ზურაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის 3-თვიანი სავიზო რეჟიმი დააწესოს.

„დღეს ყველამ მოვისმინეთ მორიგი რუსული პროვოკაციული განცხადება, რას ემსახურება ეს პროვოკაცია შესაძლებელი არის, ერთ მხრივ, ეს იყოს გადაფარვა თავიანთი მარცხის, კრახის ბახმუტში, მაგრამ ის, რაც ხდება და სადაც ვერ ახერხებენ თავიანთი ძალის გამოჩენას, შესაძლოა, ეს იყო პასუხი, გუშინ ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სანქციების მე-11 პაკეტის მიმართ.

ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენთვის რაც მთავარია, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია საზოგადოების გამოწვევისთვის და ჩვენს ხელისუფლებას აყენებს დიდი გამოწვევის წინაშე. ეს უთუოდ გამოიწვევს ერთგვარ დაძაბულობას პარტიებს შორის, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაში ეს დაძაბულობას არ გამოიწვევს, გამოიწვევს რეაქციას საზოგადოებისგან, რომელსაც კარგად ესმის, რომ როცა რუსეთი ამ ნაბიჯების დგამს, დგამს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხარო არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო და არ დაფიქრდა ჩვენ გასულ ისტორიაზე და იმ მაგალითებზე, რაც არსებობს, რომ რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არასდროს დათმობით არ პასუხობს, პასუხობს იმით, რომ რაც უფრო გაურთულებს მდგომარეობას, ეს არის მისი მუდმივი მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება.

მე ჩემი პოზიცია უკვე გამოვხატე „ტვიტერზე“. მე მიაჩნია, რომ ეს არის სრულიად მიუღებელი, უადგილო, უდროო, არც ვიზების მოხსნა არ გვჭირდება, არც ფრენების აღდგენა, ვიდრე რუსეთი არის მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და ვიდრე არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი, ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს, დრო არის იმის, რომ რასაც მოვითხოვ არაერთხელ, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო საჯაროდ და განხილული იყოს რუსეთთან 3-თვიანი ვიზების დაწესება, რომელიც საჭიროა ჩვენთვის შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე. მეტი კონტროლი არის სახელმწიფოდან საჭირო იმ რუსების მიმართ, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში, რომლებიც რჩებიან ქვეყანაში და აუცილებელია რაღაც ზომები იყოს მიღებული, რათა ეს ყველაფერი ჩაჯდეს ნორმალურ ცივილიზებულ ჩარჩოებში.

ჩვენ ვართ ტოლერანტული ქვეყანა, ყველას ვიღებთ, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ შეიძლება მოხდეს...

ეს არ არის მხოლოდ ის საკითხი, რომელიც ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსის მიღებას, ესეც მაფიქრებს, მაგრამ ეს, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, საქართველოს ღირსებას.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად დგას ეს ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული და რომელიც არის სოლიდარული ჩვენი უკრაინელი მეგობრების. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ პოზიციის ერთგულნი უნდა ვიყოთ, უნდა ვიყოთ ბოლომდე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და დარწმუნებული ვარ თუ სხვანაირად მოხდა და დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, საზოგადოებასაც ექნება ამაზე პასუხი“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი