ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება. თუ კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს, მაშინ პრეზიდენტის ნაცვლად საარჩევნო ადმინისტრაციას პარლამენტი უბრალო უმრავლესობით დააკომპლექტებს. თანაც 5 წლის ვადით.
მმართველი გუნდის ამ ინიციატივას უკვე იწუნებს ოპოზიცია. პარტია ''ლელოს" წევრი და ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე აცხადებს, რომ მართველი გუნდის ამ ინიციატივის მიხედვით უგულებელყოფილია ვენეციის კომისიის და ეუთო-ოდირის დასკვნები. ეს იქნება ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი, თუ ცვლილებას პარლამენტი მხარს დაუჭერს.
აქვე გეტყვით, რომ ამ დრომდე ცესკოს ახალი თავმჯდომარე შერჩეული არ არის და ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უწყებას დროებით ხელმძღვანელობს გიორგი კალანდარიშვილი, რადგან პარლამენტისთვის სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილმა ვერცერთმა კანდიდატმა საჭირო ხმების რაოდენობა დეკემბერში ვერ მოაგროვა. ამიტომ საქართველოს კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება გააგრძელა კალანდარიშვილმა, რომლის კანდიდატურაც პრეზიდენტმა პარლამენტს აღარ წარუდგინა.