რუსეთის მიერ, კიევის ოლქზე, ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა მანქანები და საცხოვრებელი კორპუსი,- ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ძალების მიერ გაშვებული „შაჰიდის“ ტიპის 35 უპილოტო აპარატიდან უკრაინამ ყველას განადგურება შეძლო.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 55 შეტევა მოიგერიეს.
უწყების ცნობით, რუსული ძალები შეტევას ოთხი ძირითადი მიმართულებით ცდილობენ - ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით.
"ქალაქ ბახმუტში ბრძოლა გრძელდება. მას მოწინააღმდეგე ცეცხლგამჩენი და ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენებით ბომბავს. მტერმა შეტევა განახორციელა ხრომოვოს, ივანოვკის, ჩასოვ-იარის და სტუპოჩეკის მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია", - ნათქვამია ინფორმაციაში.