ტრადიციების დაცვა, იდენტობის შენარჩუნება და შენი კულტურის, გუშინდელი დღისა და იდენტობის შენარჩუნების პარალელურად, განვითარებაზე, ევროპელობაზე, პროგრესზე ზრუნვა, არის მთავარი, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ამ პათოსით იყო გაჟღენთილი პრემიერის სიტყვაც, – ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არაფერია იმაზე ეროვნული და იმაზე ევროპული, ვიდრე საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა, უპირატესად საკუთარ სამშობლოზე ფიქრი და საქმის კეთება ამისთვის.
„ეროვნული ტრადიციების დაცვა, ეროვნული იდენტობის შენარჩუნება და ყველაფერი საუკეთესოს შენი ქვეყნიდან, შენი კულტურის, გუშინდელი დღისა და იდენტობის შენარჩუნების პარალელურად, ხვალინდელზე, განვითარებაზე, ევროპელობაზე, პროგრესზე ზრუნვა, ეს არის მთავარი, რაც ყველაზე ძალიან და სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ამ პათოსით იყო პრემიერის სიტყვაც გაჟღენთილი და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ამას აბსოლუტურად სწორად იგებს.
დიდ უმცირესობაში არიან ის პოლიტიკოსები თუ ადამიანები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც ამას სხვა სახელს არქმევენ. მაშინ მათ უნდა თქვან, სად დგანან, რა ღირებულებებია მათთვის მთავარი, თუ არა ეროვნული ღირებულებები, ეროვნული იდენტობა; რომელ მხარეს დგანან, როდესაც ამ ყველაზე სწორ საკითხებზეა საუბარი ქართული საქმის კეთებისთვის. ამავდროულად, ევროპული საქმის კეთებისთვის. ეს იყო პრემიერ-მინისტრის მთავარი გზავნილი და ბუნებრივია, ამას ქართული საზოგადოება დღესაც და ხვალაც მხარს დაუჭერს, ისევე, როგორც წარსულში, ამ ღირებულებებზე ყოველთვის სწორი წარმოდგენა ჰქონდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, ვერ წარმოუდგენია ვერც ერთ ადამიანს, რომ ორბანი ჩრდილში ყოფნაში გულისხმობდა გავლენის ქვეშ ყოფნას.
„აქ იგულისხმება ოკუპანტი ქვეყნის მეზობლად ცხოვრება. პატარა ქვეყანა, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის მეზობლად ცხოვრობს, არის ოკუპირებული და ამ უდიდესი გამოწვევის, უდიდესი პრობლემის, საფრთხის წინაშე როგორ უნდა შეინარჩუნო მშვიდობა და გამონახო ყველა გზა ეროვნულობისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, შენ ხალხზე ზრუნვისათვის და არა ისე, როგორც ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსი ზრუნავს სხვისი დავალებების შესრულებაზე. ამას გულისხმობდა და რა თქმა უნდა, ჩრდილში ყოფნა ვერ წარმოუდგენია ვერც ერთ ადამიანს, რომ ორბანი გულისხმობდა გავლენის ქვეშ ყოფნას. თქვენ გინდათ, რომ დაინახოთ გავლენის ქვეშ ყოფნა და ჩვენ ამაში ვხედავთ ოკუპანტის მეზობლად ყოფნას, ეს რომ მარტივი არ არის და ეს არის უდიდესი გამოწვევა. ოკუპანტი ქვეყანა გვყავს ერთ-ერთი მეზობელი თავისი მასშტაბებით და თავისი ყველაფრით ამ ფონზე უდიდესი სირთულეა, რომელ სირთულესაც ჩვენ ვძლევთ საბედნიეროდ და მაგალითი უნდა აიღოს ყველამ, რომ ასეთი სირთულეების ფონზე, ჩვენ ვახერხებთ იმას, რასაც ვახერხებთ. დავდივართ ბეწვის ხიდზე, მიუხედავად იმისა, რომ გარედან და შიგნიდან შეტევები არის ძალიან ძლიერი „ქართულ ოცნებასა“ და სახელმწიფოზე, ჩვენ ვახერხებთ ამ ქვეყანაში, მშვიდობის, ეკონომიკის, სტაბილურობის შენარჩუნებას, განვითარებას და რაც ყველაზე მთავარია, ყველაფრის მიუხედავად, ეროვნულ იდენტობაზე ზრუნვას რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისა და ევროპულობისათვის“, – განაცხადა მდინარაძემ.