„ნაპოლის“ ჩემპიონობისთვის ერთი ქულა სჭირდება

04 მაისი 2023, 11:09 635 ნახვა

„ლაციომ“ იტალიის ჩემპიონატში „სასუოლო“ საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა და ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმება ისევ გადაიდო. „ლაციო“ თუ ვერ მოიგებდა, „ნაპოლის“ დაწევის თეორიულ შანსსაც დაკარგავდა და ქართველი თავდამსხმელის გუნდი „სკუდეტოს“ მოიპოვებდა.

რომაელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მეშვიდე წუთზე ჩირო იმობილემ „სასუოლოს“ კარი აიღო, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გაუქმდა. შვიდ წუთში „ლაციომ“ მიზანს მაინც მიაღწია – „სასუოლოს“ ფილიპე ანდერსონმა გაუტანა. 93-ე წუთზე კი მატჩში საბოლოო ანგარიში ტომა ბასიჩმა დააფიქსირა – 2:0. „ლაციომ“ 33 ტურის შემდეგ 64 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და „ნაპოლის“ 15 ქულით ჩამორჩება. 

„ნაპოლი“ ტურის შეხვედრას დღეს „უდინეზესთან“ სტუმრად ჩაატარებს, მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ჩემპიონობის მოსაპოვებლად სპალეტის გუნდს ერთი ქულა სჭირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი