დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ პროკურატურის წარმომადგენელთა და არაერთი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გაუმართლებლად მიიჩნევს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ,,აღნიშნული განცხადებების შინაარსი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მასში ბრალდებულის მონაწილეობა უკვე დადგენილ და უტყუარ ფაქტებს წარმოადგენს, მაშინ, როცა საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, ხოლო სასამართლოს - ერთადერთ ინსტანციას საქართველოში, ვისაც აქვს კანონით მინიჭებული ლეგიტიმური უფლება, პირი გამოაცხადოს დამნაშავედ - ჯერ არ დაუწყია საქმის განხილვა”-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის მიზანია, რომ არ მოხდეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის და სახელმწიფო ორგანოების განწყობის წინასწარ ფორმირება, რათა არ შეილახოს მისი რეპუტაცია.