მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატო-სთან - ირაკლი ღარიბაშვილი

25 აპრილი 2023, 17:37 783 ნახვა

ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატო-სთან ყველა განზომილებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივან  იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ალიანსის გენერალურ მდივანს შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ მადლიერია ალიანსის წევრების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროატლანტიკურ გზაზე.

"მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რომ მომეცა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა, რათა გვესაუბრა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე, განსაკუთრებით კი დღევანდელ ტურბულენტურ უსაფრთხოების სიტუაციაში, როდესაც ომია უკრაინაში, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის. გარდა ამისა, საქართველოს აქვს საკუთარი პრობლემა რუსეთთან მიმდინარე ოკუპაციის გამო. შესაბამისად, მადლიერი ვარ ამ შეხვედრისთვის.

 

ასევე, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პირადი ძალისხმევისთვის, თქვენი პირადი ლიდერობისთვის, რომ გახადოთ ნატო ერთიანი, ძლიერი და კიდევ უფრო წინ წასული პარტნიორებთან ურთიერთობით. მე მადლიერი ვარ ალიანსის წევრების მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თქვენი მხარდაჭერისთვის. როგორც ერთ-ერთი სანდო და უნარიან პარტნიორს, საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება ალიანსის მისიებში წვლილის შეტანის კუთხით. ჩვენ წვლილი შეგვაქვს ევროატლანტიკური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის და ეს ყველასთვის კარგად ცნობილია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია კვლავ რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად. ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და მოიპოვა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა.

"ასევე, მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინსვლას ბოლო 10 წლის განმავლობაში. ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, უვიზო მიმოსვლას. გასულ წელს უკვე მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაც ისტორიული გადაწყვეტილება იყო და აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას ე.წ 12 პრიორიტეტის მუშაობაზე , რომელიც ძალიან მალე დასრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის პრივილეგია იყო ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა 2015 წელს, რაც შესანიშნავი ნიმუშია იმისა, თუ როგორ თანამშრომლობენ ნატო და საქართველო ერთმანეთთან და ამისთვის მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატო-სთან ყველა განზომილებაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში