საგამოძიებო კომისია არის მექანიზმი იმ საკითხების გამოსაკვლევად, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და გამჭვირვალობას, მეტ ინფორმაციას მოითხოვს - კელი დეგნანი

24 აპრილი 2023, 13:03 553 ნახვა

პარლამენტმა შექმნა საგამოძიებო კომისიები, როგორც მექანიზმი, რომ გამოიკვლიოს ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, ის საკითხები, რომელიც გამჭვირვალობას, მეტ ინფორმაციას მოითხოვს. რაც ქართველ ხალხს საშუალებას აძლევს, უფრო ინფორმირებული იყოს და მეტად გამჭვირვალე გახადოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სასამართლოსთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.

კელი დეგნანის თქმით, საგამოძიებო კომისიის მექანიზმი ძალიან სასარგებლოა და ბევრ სხვადასხვა პარლამენტში გამოიყენება.

"რაც შეეხება მეორე შეკითხვას, პარლამენტმა საგამოძიებო კომისიები შექმნა, როგორც მექანიზმი, რომ იმსჯელოს ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, თემებზე, რომლებიც შესაძლოა, მოითხოვს დიდ გამჭვირვალობას, მეტ ინფორმაციას, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, უკეთესად იყვნენ ინფორმირებული. ამ მექანიზმის შექმნის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირებულობა. ვფიქრობ, ეს ძალიან სასარგებლო ტექნიკაა, მექანიზმი, რომელიც ბევრ სხვადასხვა პარლამენტში გამოიყენება. ასევე გამოიყენება ამერიკის კონგრესში და იმედი გვაქვს, რომ პარლამენტის წევრები სრულად გამოიყენებენ ამ ინსტრუმენტებს, რომლებიც მათ შექმნეს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანმა შეწყალებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უშუალოდ პრეზიდენტის მისაღებია. 

ელჩის თქმით, ეს არის წერილი ორგანიზაციისგან, რომელიც უკვე დიდი ხანია, დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია.

"ჰელსინკის კომისია გახლავთ ორგანიზაცია, რომელსაც პატივს სცემენ და მას აქვს მანდატი აშშ-ის კონგრესისგან, რათა მონიტორინგი გაუწიოს ადამიანის უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში, მათ შორის მედია თავისუფლებას. ისინი მკაფიოდ აცხადებენ, ისევე როგორც ბევრი სხვა, მათ შორის საელჩო, იმ შეშფოთების შესახებ, რომელიც გვარამიას საქმესთან დაკავშირებით არსებობს, მათ შორის ბრალდებაზე, ბრალის წაყენების დროსა და შესაბამისად, მსჯავრის და გადაწყვეტილების თაობაზე.

ეს არის წერილი ორგანიზაციისგან, რომელიც უკვე დიდი ხანია, საქართველოს მეგობარი და  მტკიცე მხარდამჭერია მისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ცხადია, შეწყალებასთან დაკვშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უშუალოდ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისაღებია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველა ასეთ მოთხოვნას და მათ შორის, ჰელსინკის კომისიის წერილსაც ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში