მაუწყებელი ყველასთვის
საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ევროპული იდეა და ინსტიტუცია, დემოკრატიული საზოგადოების და სახელმწიფოს ქვაკუთხედია. ზუსტი, სამართლიანი და მიუკერძოებელი მედია დემოკრატიული საზოგადოების მონაპოვარია. ეს ის ღირებულებებია, რაც ყველას გვაერთიანებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი სწორედ ამ პრინციპების დაცვით ყველასთვის უნდა მუშაობდეს. ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ვითარდება და მრავლდება მედიაპლატფორმებიც. კონკურენციის პროპორციულად იზრდება აუდიტორიის მოთხოვნები. მომხმარებელი აღარ კმაყოფილდება მედიის ტრადიციული ფორმითა და ფორმატებით. იმისათვის, რომ საზოგადოებრივის იდეამ, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, აქტუალურობა არ დაკარგოს, მაუწყებელი უნდა იყოს ყველგან - როგორც ტრადიციულ, ასევე, ახალი მედიის პლატფორმებზე. მაუწყებლის პრიორიტეტებში ასახული პროგრამული მრავალფეროვნება უნდა გავრცელდეს ახალი მედიის პლატფორმებზეც, რათა მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს ყველა ტიპის მომხმარებლის მოთხოვნა. მაუწყებელს გააჩნია პოტენციალი, გახდეს წამყვანი მედიასაშუალება საქართველოში, გაუთანაბრდეს საზოგადოებრივი მედიის ევროპული მოდელის სტანდარტებს და აწარმოოს მრავალფეროვანი მულტიფორმატული პროდუქტი, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის იქნება სასურველი, მოთხოვნადი და ხელმისაწვდომი.
სანდო, მიუკერძოებელი მეგობარი, რომელიც 24/7-ზე შენთანაა – ასეთი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს, როგორც ბრენდის პოზიციონირება მედიაბაზარზე.
მაუწყებლის მიზნები და ღირებულებები
დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობის აუცილებლობა განპირობებულია მისი ღირებულებებით. მათ შორის უმთავრესია:
მაუწყებელმა საზოგადოებას უნდა მიაწოდოს გადამოწმებული, სანდო, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაცია. აღნიშნულს განაპირობებს მოვლენათა სიღრმისეული ანალიზი და რეალობის ასახვა. აღნიშნული პრინციპის დაცვა უმნიშვნელოვანესია მოზღვავებული დეზინფორმაციის, ე.წ. ფეიკ ნიუსების და ყალბი ამბების ფონზე. აჭარის მაუწყებელი ყველა პლატფორმაზე უნდა იყოს სანდოობისა და საიმედოობის გარანტორი. ამასთან, აღნიშნულთან ერთად საზოგადოების უმთავრესი მოთხოვნა ოპერატიულობაა. დღევანდელი, XXI საუკუნის მედიამომხმარებელი სულ უფრო მეტად ითხოვს მუდმივ კავშირს. შესაბამისად, ვებგვერდი და სხვა ციფრული მედიაპლატფორმები მოქალაქეთა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდნენ. მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ხელშეწყობა ობიექტურ რეალობაში. ამასთან, პროგრამების მრავალფეროვნებამ და ყოვლისმომცველობამ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებები უნდა გამოკვეთოს და პრობლემების იდენტიფიკატორად იქცეს მათი ოპტიმალური გადაწყვეტის ხელშესაწყობად.
წარმატების მისაღწევად უნდა გამოვკვეთოთ რამდენიმე მიმართულება:
თანამედროვე ეპოქაში მედიის კონვერგენცია გარდაუვალი პროცესია. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო აერთიანებს როგორც ტრადიციულ, ისე ახალი მედიის პლატფორმებს. აუცილებელია შეიქმნას მართვის კონვერგირებული სტრუქტურა, რათა მედიათა მუშაობა მეტად ეფექტიანი იყოს. ერთი გადაღების მოედნიდან თანამედროვე ჟურნალისტს მულტიპლატფორმული პროდუქტის შექმნა შეუძლია და სწორედ ეს და სხვა მრავალი შესაძლებლობა, რასაც გვაძლევს ე.წ. კონვერგირებული ნიუსრუმი, უნდა გამოიყენოს მაუწყებელმა, რათა კონკურენტულ მედიაბაზარზე მნიშვნელოვანი პოზიცია დაიკავოს.
აუცილებელია მაუწყებელში ახალი მედიის როლის გაძლიერება. კონვერგირებული მედიის პრინციპი მაშინ იქნება მომგებიანი, თუ მედიაპლატფორმებს სრულად და მათი შესაძლებლობების მიხედვით ავითვისებთ. მხოლოდ ვები ან ტრადიციული მედიაკონტენტის გადაზიარება არ არის ის ბერკეტი, რაც მომხმარებლებისთვის საკმარისია. უნდა შეიქმნას სპეციფიკური კონტენტი ციფრული მედიამატარებლებისთვის, ასევე, ციფრული აპლიკაციები მობილური გაჯეტებისთვის. ციფრულ პლატფორმებზე კონტენტი იმ ფორმატით უნდა გადანაწილდეს, რისთვისაც არის გათვლილი (მონიტორზე საყურებლად, ტელეფონში თუ პლანშეტში).
აჭარის მაუწყებელს მრავალფეროვანი სატელევიზიო და რადიო პროექტები გააჩნია. წლების განმავლობაში ტრადიციული მედიაპროექტების მრავალფეროვნება ბრენდის მაიდენტიფიცირებელი გახდა, თუმცა, აუცილებელია მათი თანამედროვე მედიასტანდარტებთან შესაბამისობა. არსებული პროექტები ყოველი სეზონის წინ უნდა განახლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეთერი დინამიურობას კარგავს. სატელევიზიო სივრცეში უნდა გაიზარდოს რეჟისორის ფუნქცია, ფორმატები კი მეტად მოქნილი და თანამედროვე გახდეს. მნიშვნელოვანია მაუწყებლის ტექნიკური გადაიარაღება, რაც ტელევიზიის გამოსახულებას და რადიოს ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს. პროგრამების მოდიფიცირება პროდიუსინგისა და მარკეტინგის გუნდთან ერთად, მაუწყებელში არსებული შიდა მონიტორინგის კვლევების საფუძველზე უნდა განხორციელდეს; შესაბამისად, მაუწყებელში უნდა გაძლიერდეს მარკეტინგის როლი, რათა მომხმარებლის დაკვეთა დროულად იქნას იდენტიფიცირებული.
მაუწყებელი უპირველესად რეგიონალური მნიშვნელობისაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სწორედ რეგიონალური ამბების გაშუქებაა. აქცენტი კვლავაც უნდა კეთდებოდეს იმ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე, რაც აწუხებს ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობას. აჭარა საქართველოს მნიშვნელოვანი რეგიონია, რომელსაც უზარმაზარი ეკონომიკური, სასოფლო-სამეურნეო, კულტურული და ტურისტული პოტენციალი გააჩნია. აქ თავმოყრილია ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბავი, რის შესახებაც სხვადასხვა ფორმატის სახით უნდა მიეწოდოს ინფორმაცია არა მხოლოდ რეგიონს, არამედ სრულიად საქართველოს. გამომდინარე აჭარის მზარდი ტურისტული პოტენციალიდან, მაუწყებელმა უნდა შექმნას სპეციალური ციფრული პლატფორმა, სადაც პოტენციური ტურისტებისა თუ უცხოენოვანი მოსახლეობისთვის განთავსდება აჭარის მრავალფეროვნებისა და მიმზიდველობის ამსახველი მედიაპროდუქცია.
მაუწყებლის ყველა სტრუქტურული ერთეული უნდა გაერთიანდეს მთავარი საერთო მიზნისთვის - წარმატებული საზოგადოებრივი მაუწყებლობისთვის. აღნიშნულის მიღწევაში უმნიშვნელოვანესია პარტნიორული სამსახურებრივი ურთიერთობების დამკვიდრება, სამსახურებს შორის კოორდინაციის გაძლიერება, თანამდებობრივი პასუხისმგებლობის ამაღლება, პროფესიული განვითარებისკენ მისწრაფება, პრობლემების იდენტიფიცირება და მათი ერთობლივი ძალისხმევით ოპტიმალურად გადაწყვეტა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულის მუშაობა ორიენტირებული უნდა იყოს მუდმივ განვითარებაზე, წარმატებული მედიაპროდუქტების შექმნაზე ან მის ხელშეწყობაზე, რაც გაზრდის მედიაპროფესიების პოპულარიზაციას.
მაუწყებლის ძირითადი და უმთავრესი ფინანსური რესურსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიური მზარდი და გარანტირებული დაფინანსება, რომელიც საზოგადოების მიერ გადახდილი გადასახადებით მობილიზდება. ამდენად, აღნიშნული ფულადი სახსრების რაციონალურად განკარგვის პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია, მიზნებზე ორიენტირებული და ეფექტიანი ხარჯვა კი წარმოუდგენელია პროგრამული ბიუჯეტის, როგორც უმთავრესი ბერკეტის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებელმა მომდევნო წლების ბიუჯეტი სწორედ პროგრამული ბიუჯეტირების პრინციპით უნდა დაგეგმოს და განკარგოს, რაც უზრუნველყოფს მიზნებზე ორიენტირებულობას, ეკონომიურობას, ეფექტიანობის ზრდას, ანგარიშვალდებულობის ჭრილში ამოცანების გადაწყვეტის იდენტიფიცირებას და პროგრესულ განვითარებას.