ბოლო 2 კვირა ორი ვირუსის სიჭარბით არის გამორჩეული - ქვეყანაში ძირითადად ის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც გაციებას იწვევს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, დღეს ქვეყანაში წამყვანი ვირუსია რინოვირუსი და ადენოვირუსი, რომლის მართვაც სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი.
"ეს კვირა გამორჩეულია. პირველად, ბოლო 6 თვის განმავლობაში, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის არსებობა არ დაფიქსირდა. იმედია, ასეთი სტატისტიკა გაგრძელდება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის სეზონი საქართველოში დასრულდა. რაც შეეხება კორონავირუსს, შემთხვევები კვლავ ფიქსირდება, გრიპისგან განსხვავებით კი კორონავირუსი მთელი წელი იქნება.
ბოლო 2 კვირა ორი ვირუსის სიჭარბით არის გამორჩეული, ეს არის რინოვირუსი, რომელიც ვირუსების განაწილებაში 50%-ზე მეტია. დღეს ქვეყანაში წამყვანი ვირუსია რინოვირუსი და ადენოვირუსი.
რინო და ადენოვირუსი განეკუთვნება გაციების გამომწვევი ვირუსების კატეგორიას, მათ მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ძირითადად ის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც გაციებას იწვევს და არა ფილტვების ანთებას. რინოვირუსს და ადენოვირუსს უმრავლეს შემთხვევაში არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. მათი მართვა შესაძლებელია ბინის პირობებშიც. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდეცია გაგრძელდეს და სავარაუდოდ, გაგრძელდება კიდეც, რადგან გრიპის ვირუსის დინამიკა იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, თანდათან კლებადი ვიდრე არ მივიდა ნულამდე. იმედი გვაქვს, რომ ოქტომბრის ბოლომდე გრიპის ვირუსი საქართველოში არ დაფიქსირდება,"- აღნიშნა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.