დახურული შეხვედრა იყო და დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, თუმცა, მინდა, ხაზგასმით გითხრათ, იმ სიბინძურეს, რაც მიმდინარეობს მოსამართლეების და სასამართლო სისტემის მხარეს, არ ვაპირებ, ავყვე, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დახურულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს ყველანაირი ინფორმაციას მიაწოდა.
"რაც შეეხება მტკიცებულებებს და ზოგადად იმ ინფორმაციას, რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, როდესაც ჩავთვლი საჭიროდ, ამას საზოგადოება შეიტყობს. ველოდები, რომ კიდევ ბევრ სიბინძურეს, ფეიკნიუსებს, დაბრალებებს, სხვათა შორის უნიჭოდ ექნება ადგილი, ამას ველოდები და შესაბამისად, როგორც კი ჩავთვლი საჭიროდ, ამას საზოგადოება შეიტყობს. ყველა ინფორმაცია დახურულ შეხვედრაზე გაჟღერდა“, - განაცხადა მურუსიძემ.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის განცხადებით, მიესალმება მოსამართლე ირაკლი შენგელიას პოზიციას, რომელიც აპირებს, 4 მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
"ირაკლი შენგელიას პოზიციას, აშშ-ს გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, მე მივესალმები. ჩვენთან, მოსამართლეებთან მიმართებით, კორუფციული ბრალდებების წამოყენება აბსურდულია. ეს უნდა გასაჩივრდეს აშშ-ს სასამართლოში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულ საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ ეს სანქციები სასამართლო სისტემის მიმართ თავდასხმაა. ეს არის გზავნილი, რომ თუ ჩვენ, მოსამართლეები არ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც ამერიკისთვის და მისი საელჩოსთვის იქნება მისაღები, ისინი ჩვენზე ზეწოლას განახორციელებენ“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.