ვერ მივიღებ ვერც ერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის თაობაზე, ვიქნები თითოეული მოსამართლის ხელშეუხებლობის გარანტორი - ნინო ქადაგიძე

10 აპრილი 2023, 13:58 509 ნახვა

ვერ მივიღებ ვერც ერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, აშშ-ის მხრიდან არ მიეწოდა მას მტკიცებულებები, თუ რა გახდა კოლეგების კორუფციაში დადანაშაულების საფუძველი.

"ძალიან სამწუხაროა, რომ არის მცდელობა, მაღალმა პოლიტიკურმა ვნებებმა გადმოინაცვლოს სასამართლოში. სხვანაირად ჩემთვის წარმოუდგენელია ის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რაც მიღებული იქნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მხრიდან მოსამართლეების დასანქცირების თაობაზე. სასამართლო წლების განმავლობაში იდგა არაერთი მწვავე გამოწვევის წინაშე, მაგრამ მინდა, ხმამაღლა ვთქვა, რომ არც ერთხელ, არც ერთ ეტაპზე ისეთი რეალური, ისეთი ნამდვილი და ხელშესახები მიღწევა არ ყოფილა, როგორც იყო კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა.

 

შესაბამისად, მე ვერ მივიღებ ვერც ერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე. პირადად ჩემი თხოვნის მიუხედავად, მე არ მომეწოდა არათუ დასაბუთებული მტკიცებულებები, რა გახდა ჩემი კოლეგების კორუფციაში დადანაშაულების საფუძველი. ამიტომ მე მათ ვუცხადებ სრულ თანადგომას. როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვიქნები თითოეული ჩემი და ჩვენი მოსამართლის ხელშეუხებლობის და თავისუფლების გარანტორი.

 

მიუხედავად სახელმწიფოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციისა, რომლიდანაც ერთ-ერთი გახლავთ სასამართლოს სისტემა, ამის მიღმაც ქართული მართლმსაჯულება ყველა მოცემულობით, ყველა ასპექტში, ყველა პარამეტრით წინ უსწრებს არაერთ ჩვენს მეგობარ და მეზობელ ქვეყანას. შესაბამისად, ჩემთვის მძიმე განცდები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინფორმაცია არ იქნას გამოყენმებული ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციისთვის მიმავალ რთულ და ძალიან ღირებულ მნიშვნელოვან გზაზე. ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან ყოველთვის ვინარჩუნებდი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ყოველთვის ვიყავი ფრთხილი და მოზომილი მათთან ურთიერთობაში. მიმაჩნია, დღეს დადგა მომენტი, როდესაც ვითხოვ უკუგებას მათგან.  ვიტოვებ იმედს, შესაბამისი თანამდებობის ან შესაბამისი უწყებების მხრიდან საკითხი აუცილებლად გადაიხედება", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

მისივე თქმით, დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში, შეიძლება შემუშავდეს ნორმატიული ჩარჩო, რომელიც მინიმუმადე დაიყვანს სასამართლოზე პოლიტიკის გავლენას.

"დამატებით ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნას შემუშავებული, რაზეც ბატონ ირაკლისაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას, აგრეთვე, მინიმუმადე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას.“ - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში