„გაუგონარია კორუფციაზე მტკიცებულების გარეშე საუბარი“, – ამის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, არ ჰგონია, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების სურვილს ემსახურებოდეს.
„მე ეს მაგონებს სტალინი-ბერიას ეპოქას, რა დროსაც არსებობდა არასასამართლო ორგანოები, რომლებიც ადამიანთა ბედს უფრო “მოქნილი მექანიზმით”, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაჩქარებულად წყვეტდნენ,- ასე აფასებს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი ოთხი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას. მისი თქმით, ეს ცუდი შედარებაა, თუმცა ფაქტი სახეზეა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ლევან თევზაძეც გამოეხმაურა.
ციტატა: „ვინმეს თუ ჰგონია მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება. ვერც კონკრეტული მტკიცებულების გარეშე იქნება მისაღები ჩემი კოლეგების ,,ლინჩის’’ წესით გასამართლება. არც მთლად სამართლიანად და თუნდაც დემოკრატიულად მიმაჩნია შვილების დასჯა მამათა ,,ქმედებების’’ გამო“ - წერს სოციალურ ქსელში ლევან თევზაძე.