"ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი და პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი არმაზ ახვლედიანი "პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ" კანონპროექტს საქართველოს პარლამენტში დააინიცირებენ.
კანონპროექტი ითვალისწინებს პიროტექნიკის შემოტანის, ფლობის, რეალიზაციის გამოყენების აკრძალვას. გარდა F1 კატეგორიის პიროტექნიკისა, რომლის უსაფრთხოების მანძილია 1 მეტრი ან ნაკლები და მისი გამოყენება შეიძლება დახურულ სივრცეში, ხოლო სხვა კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად განსაკუთრებულ შემთხვევებში.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, ადამიანები პიროტექნიკას უკონტროლოდ, გართობის მიზნით იყენებენ, რასაც ხშირად შედეგად მათი ან გარშემომყოფების ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დაზიანება მოსდევს და ასევე ზიანდება გარემო, მასობრივად იხოცება და სხვაგვარი ზიანი ადგებათ ფრინველებსა და ცხოველებს.
მისივე განმარტებით, კანონპროექტის მიღების შემდეგ, პიროტექნიკის უკანონო გამოყენებისთვის ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან - 1 000 და 5 000 ლარით.
"პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე იყო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პიროტექნიკის ამკრძალავი რეგულაციების საფუძველზე, ისჯება სისხლის სამართლის წესით. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ინიციატორებისთვის მიწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, მარტო 2023 წლის იანვარში ცენტრს დახმარებისთვის მიმართა პიროტექნიკის გამოყენებით დაზარალებულმა 87-მა მოქალაქემ, აქედან 18 წლამდე ასაკის იყო 19 პირი, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება დადგა 41 შემთხვევაში. პრაქტიკაზე დაკვირვებამ და ოფიციალური უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოკვლევამ აჩვენა, რომ არსებული რეგულაციები პრაქტიკულად არ სრულდება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.