უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 3 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს, ასევე ორი მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურეს - უკრაინის გენშტაბი

28 მარტი 2023, 10:00 532 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა 62 შეტევა მოიგერიეს, ასევე დარტყმა განახორციელეს მოწინააღმდეგის საარტილერიო დანაყოფზე.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ბახმუტისთვის, ავდეევკისთვის და მარიინკისთვის მიმდინარეობს.

"თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 9 დარტყმა მიაყენა საოკუპაციო პერსონალის კონცენტრაციის ტერიტორიებს, ერთი კი - საზენიტო-სარაკეტო სისტემას. ასევე, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩვენმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს მტრის 5 მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 3 სამეთაურო პუნქტს, ასევე მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის არეალს, საბრძოლო მასალის საცავს, საწვავი და საპოხი მასალების საცავსა და ოკუპანტების კიდევ ორ მნიშვნელოვან სამიზნეს დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინაზე თავდასხმა "Shahed-136/131" ტიპის დრონებითა და მართვადი ბომბებით განახორციელეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა "Shahed-136/131" ტიპის 13 დრონი, ე.წ. „კამიკაძე“ დრონები, ერთი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი Granat-4 და ორი მართვადი ავიაბომბი გამოიყენეს.

უკრაინელმა დამცველებმა 12 ერთეული "Shahed-136/131" და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში