„ბათუმი არენაზე“ სახანძრო-სამაშველო სიმულაციური სწავლება ჩატარდა

22 მარტი 2023, 18:56 664 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით, „ბათუმი არენას“ თანამშრომლებისთვის ბათუმის მთავარ საფეხბურთო მოედანზე სახანძრო-სამაშველო სიმულაციური სწავლება ჩატარდა.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიება საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების, ხანძრის ქრობის და დაშავებულთა ევაკუაციის თეორიულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავდა. პრაქტიკული სწავლების განმავლობაში, საფეხბურთო მოედნის თანამშრომლებმა სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების ზომების დაცვისა და საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების შესახებ ცოდნა და გამოცდილება აიმაღლეს. მეხანძრე-მაშველებმა სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოახდინეს.

წვრთნებში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. სიმულაციური სწავლების დროს 350 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით დანერგილია სერვისები, რომლითაც სხვადასხვა ორგანიზაცია სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სააგენტოს მეშვეობით სარგებლობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი