რეფერენტული ფასის ფარგლებში უნდა ხდებოდეს წამლის გაყიდვა, საშეღავათო პერიოდი ამოწურულია, მკაცრად დავიწყებთ გაკონტროლებას - ზურაბ აზარაშვილი

20 მარტი 2023, 16:24 495 ნახვა

ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მედიკამენტებზე ფასების გაზრდასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მყისიერი რეაგირება იყო და საკითხი მალევე დარეგულირდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფასების ხელოვნურად გაზრდა მიუღებელი და დაუშვებელია.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ფარმაცევტული და ჰოსპიტალური მიმართულებებით კონტროლის გამკაცრების მიზნით საკანონმდებლო პაკეტი უკვე მზად არის.

„რეფერენტული ფასების შემოტანის შემდეგ იყო ძალიან სამწუხარო შემთხვევები. პირველ კვირაში, როცა 15 თებერვლიდან შემოვიდა რეფერენტული ფასები, გარკვეულ მედიკამენტებთან დაკავშირებით ჩათვალეს, რომ ფასების გაზრდა შეიძლებოდა. ჩვენი მხრიდან იყო მყისიერი რეაგირება და ძალიან ოპერატიულად მოხდა ფასების ძველ ნიშნულებზე დაბრუნება.

 

დღეს შემიძლია, დაგისდასტუროთ, რომ უკვე მზად გვაქვს საკანონმდებლო პაკეტი, თუ რა ცვლილებები უნდა შევიტანოთ სხვადასხვა კანონსა და ნორმატიულ აქტებში, რათა კიდევ უფრო კარგად იყოს დარეგულირებული როგორც ფარმაცევტული, ასევე ჰოსპიტალური მიმართულებები. უფრო მკაცრი კონტროლი იყოს როგორც ხარსიხის, საბიუჯეტო ხარჯების, ასევე ფარმაცევტული ბაზრის უფრო კარგი მონიტორინგის კუთხით. ძალიან მალე პარლამენტში იხილავთ ცვლილებების პაკეტს, რომელიც მოაგვარებს ყველა პრობლემას, რაც დაკავშირებულია კონტროლთან და მონიტორინგთან...

რეფერენტულ ფასებთან ერთად, 15 მარტიდან ასევე ძალაში შევიდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ეხება ფარმაცევტული კომპანიებისთვის მედიკამენტების ბაზის გახსნას, რომლის მიზანია, მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს ბაზარი, არაფერი დასამალი არ უნდა იყოს. რეფერენტული ფასის ფარგლებში უნდა ხდებოდეს გაყიდვა. დღეს ვართ ეტაპზე, როდესაც ყველანაირი გონივრული ვადა, საშეღავათო პერიოდი ამოწურულია და უკვე საკმაოდ მკაცრად დავიწყებთ გაკონტროლებას.

 

ისევ არის კანონში ჩანაწერი, რომ პირველ შენმთხვევაზე შეიძლება გაფრთხილებით შემოვიფარგლოთ, შემდეგ შემთხვევებზე საკმაოდ დიდი ჯარიმებია. შესაძლოა, 5 000 ლარიდან 35 000 ლარამდე ავიდეს. ბაზების გახსნასთან დაკავშირებით შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ სამწუხაროდ, მხოლოდ აფთიაქების ნაწილი არის ჩართული. ისევ რაღაც გაურკვეველ ვადებს ითხოვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის ბოლოს, როცა პარლამენტში კანონი შევიდა და ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს სავალდებულო გახდებოდა, ზოგიერთი ამბობს, რომ ისევ მზად არ არიან და ორ-სამ თვეს ითხოვენ.

 

არანაირი გადავადება არ იქნება. ყველანაირი გონივრული ვადა გასულია. ჩვენგან ყველანაირი მხარდაჭერა ჰქონდათ. ჩვენი აიტი სააგენტო ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს იყო მზად, რომ სისტემაში მათი ინტეგრაციები გაეკეთებინა, თუმცა სამწუხაროდ, ზოგიერთი დღესაც არღვევს ამას, არ არის ჩართული რეგულირების სააგენტოს ბაზაში და მოგვიწევს დაჯარიმება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორია გახსნისთვის მზად არის.

როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მედიკამენტები ლაბორატორიაში გადამოწმდება და საზღვარგარეთ გაგზავნა საჭირო აღარ იქნება.

„შემიძლია დავადასტურო, რომ წამლის ლაბორატორია უკვე მზად არის. ახლა ტექნიკურ დეტალებსა და საორგანიზაციო საკითხებზე ვთანხმდებით. ვგეგმავთ, როდის უნდა გაიხსნას. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მედიკამენტები გადამოწმდება და მათი საზღვარგარეთ გაგზავნა საჭირო აღარ იქნება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში