საქართველოს განათლების მინისტრად გიორგი ამილახვარი დაინიშნა. ახალი მინისტრის დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"გიორგი ამილახვარი არის ძალიან წარმატებული ადამიანი. მას აქვს ძალიან კარგი, ღირსეული განათლება მიღებული. იგი სწავლობდა აშშ-ში, შემდეგ გერმანიაში. გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში, კვლევით ინსტიტუტეში მუშაობდა თავის სადისერტაციო ნაშრომზე. მას მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი, არის ასოცირებული პროფესორი. გიორგი ამილახვარს აქვს წარმატებული მუშაობის გამოცდილება. იგი გახლავთ ერთ-ერთი ძალინ წარმატებული უნივერსიტეტის დამფუძნებელი, მისი ლექტორობის პერიოდში ამ უნივერსიტეტმა ძლიან ბევრ წარმატებას მიაღწია და ერთ-ერთი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, როგორ უნდა შექმნას ახალგაზრდამ, მოტივირებულმა ადამიანმა ძალიან თანამედროვე, ევროპული, დასავლური ხარისხის უნივერსიტეტი, სწორედ ასეთი უნივერსიტეტის შექმნელი გახლავთ ბატონი გიორგი.
აქვე, მინდა, აღვნიშნო, რომ დღემდე გიორგი ამილახვარი წარმატებით ხელმძღვანელობდა პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტს. მას უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. გიორგი ამილახვარი წლებია, ჩართულია განათლების სფეროში. ძალიან კარგად იცნობს განათლების ყველა საფეხურზე არსებულ ვითარებას, იმ გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება განათლების სისტემაში და მჯერა, დარწმუნებული ვარ, გიორგი ამილახვარი იქნება წარმატებული განათლების და მეცნიერების მინისტრი. მას აქვს ძალიან კარგი ხედვა. ჩვენ ბევრი გვისაუბრია ბოლო 2 წლის განმავლობაში განათლების საკითხებზე. მან იცის ძალიან კარგად, როგორ უნდა მოგვარდეს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები და ვფიქრობ, გიორგი ამილახვარი იქნება წარმატებული მინისტრი.
ჩვენ გვჭირდება კარგი მენეჯერები. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ გიორგი ამილახვარს გამოქვეყნებული აქვს ძალიან ბევრი სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენებზე. პარალელურად მუშაობდა თავის აკადემიურ საქმიანობაზეც. ასე რომ, მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატება გიორგი ამილახვარს და მადლობა ვუთხრა ყოფილ მინისტრ მიხეილ ჩხენკელს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გიორგი ამილახვარი დღემდე 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
2018-2019 ამილახვარი იკავებდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას; 2010-2020 წლებში იყო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში; 2008-2010 წლებში ლიეტუვური საინვესტიციო კომპანია შპს „სავერუსის“ საქართველოს ფილიალის, „სავერუს ჯორჯიას“ მთავარი იურისტი; 2007-2008 მუშაობდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
ამილახვარი მიხეილ ჩხენკელს შეცვლის, რომელსაც აღნიშნული პოსტი ორჯერ ეკავა - ჯერ 2017 წელს. მეორედ 2019 წელს დაინიშნა განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრად. 2021 წლიდან კი მას შემდეგ რაც განათლების და კულტურის სამინისტროები გაიმიჯნა, ჩხენკელმა განათლების და მეცნიერების სამინისტრო ჩაიბარა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ ჩხენკელმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელი მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე გააგრძელებს.