გუშინდელ აქციაზე სასულიერო პირი თვითნებურად მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით - საპატრიარქო

15 მარტი 2023, 15:13 742 ნახვა

გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი. მეტიც, ის მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით და მისი მოწოდებები საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს. აღნიშნული სასულიერო პირი არ მიეკუთვნება მცხეთა-თბილისის ეპარქიას და მის მღვდელმთავარს რეაგირებისათვის გაეგზავნა შესაბამისი წერილი, - ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საეკლესიო ეთიკისთვის შეუფერებელია მლოცველი ადამიანისაგან შეურაცხმყოფელი მიმართვები, გინება და, მით უფრო, ქვების სროლა.

"რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ მიერ გაკეთდა განცხადება, სადაც სასულიერო პირებს რადიკალური და საზოგადოებაში პოლარიზაციის ხელშემწყობი პოზიციების საჯაროდ დაფიქსირებისაგან თავის შეკავებისაკენ მოვუწოდეთ.

მიუხედავად ამისა, გუშინ, 2023 წლის 14 მარტს, გამართულ საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი. მეტიც, ის მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით და მისი მოწოდებები საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს.

აღნიშნული სასულიერო პირი არ მიეკუთვნება მცხეთა-თბილისის ეპარქიას და მის მღვდელმთავარს რეაგირებისათვის გაეგზავნა შესაბამისი წერილი.

აღვნიშნავთ, რომ ქვეყნისათვის რაიმე სიკეთის მოტანა სრულიად წარმოუდგენელია, "მოლოტოვის კოქტეილების" საშუალებით, სამართალდამცავებისათვის ცეცხლის წაკიდებისა და პარლამენტის შენობაში ხანძრის გაჩენის მცდელობით, ეს სრულიად მიუღებელია. ასევე მიუღებელია ის, რაც გუშინ ვიხილეთ, როდესაც აქციაზე ლოცვასთან ერთად ისმოდა მოქალაქეებისადმი მუქარა.
საეკლესიო ეთიკისთვის შეუფერებელია მლოცველი ადამიანისაგან შეურაცხმყოფელი მიმართვები, გინება და, მით უფრო, ქვების სროლა.

როგორც ადრე აღვნიშნეთ, დღეს საქართველოს განსაკუთრებულად სჭირდება მშვიდობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მიმართულებით. ყოველი ძალადობრივი ფაქტი, პოლარიზებისა და შფოთის მცდელობა, დაუბალანსებელი მოწოდება, რომელი მხრიდანაც უნდა იყოს ის ნაკარნახევი, ეკლესიისგან შორს დგას.

ვლოცულობთ მშვიდობისა და ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი