რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა, რის შედეგადაც ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი შავ ზღვაში ჩამოვარდა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ.
მათივე განმარტებით, დრონი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუტინულ მისიას ასრულებდა, როდესაც რუსული Su-27 ტიპის ორი გამანადგურებელი მისთვის დაბრკოლების შექმნას შეეცადა.
ვაშინგტონმა, მომხდარის გამო, რუსეთის ელჩი სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შავი ზღვის თავზე ამერიკული დრონის ჩამოვარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი მისივე "მკვეთრი მანევრირების" შედეგად ჩამოვარდა. უწყებაში განმარტავენ რომ MQ-9-სთან რუსეთის ძალები შეხებაში არ ყოფილან.