თეთრი სახლი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები განიხილეს, რა დროსაც ხაზი გაუსვეს მათი ქვეყნების საერთო ინტერესს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში.
თეთრი სახლის ცნობით, ჯეიკ სალივანმა და სალომე ზურაბიშვილმა ასევე განიხილეს საკითხი, რომ რუსეთმა უნდა იგრძნოს სრული ეკონომიკური ფასი იმ სანქციების, საექსპორტო კონტროლისა და სხვა ეკონომიკური შეზღუდვების, რომლებიც აშშ-მა და 30-ზე მეტმა მოკავშირემ დააწესეს. სალივანმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა საქართველო არ გახდეს სანქციების თავის არიდების ან გვერდის ავლის გზა.
ჯეიკ სალივანთან შეხვედრის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა, სადაც მადლობას უხდის აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ერთგულებისთვის.