იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გუშინ გარკვეულწილად ძალადობის რომანტიზება მოახდინა - შალვა პაპუაშვილი

09 მარტი 2023, 17:54 719 ნახვა

პრეზიდენტი როდესაც მოიხსენიებს, რომანტიზებას ახდენს, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერებისა, ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს პარლამენტის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა

"მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გუშინ გარკვეულწილად რომანტიზება მოახდინა ძალადობისა, როდესაც მან ერთ-ერთი ვიდეო დადო და აღწერა ის, როგორც "სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერები". ეს სირენები კი, შეგახსენებთ, რომ იყო საპოლიციო ღონისძიების სირენები. ანუ ეს ნიშნავდა, რომ იქ იყო ძალადობა და ამიტომ პოლიციას უწევდა წესრიგის აღდგენა. როდესაც ამის რომანტიზებას ახდენს პრეზიდენტი, არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს პარლამენტის მიმართ და მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ ამას ხაზი გავუსვა. მიუხედავად იმისა, თუ რა ემოციური დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს მათ შორის პრეზიდენტს, ინსტიტუტების პატივისცემა არის მნიშვნელოვანი და როდესაც ხდება ძალადობრივი ფაქტები, პრეზიდენტისგან რასაც მოელის ქართველი ხალხი არის ის, რომ მან ყველას მშვიდობისაკენ მოუწოდოს და არა პირიქით," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რა ემოციური დამოკიდებულება შეიძლება, ჰქონდეს ამა თუ იმ ადამიანს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს, ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ინსტიტუტების პატივისცემა არის მნიშვნელოვანი.

"როდესაც ხდება ძალადობრივი დაზიანება პარლამენტისა, ხდება შეტევა პოლიციელებზე და მიმდინარეობს წესრიგის აღდგენის ოპერაცია, საპოლიციო ღონისძიება, პრეზიდენტისგან რასაც მოელის ქართველი ხალხი, არის ის, რომ ყველას მოუწოდოს მშვიდობისკენ და არა პირიქით, ამ გარკვეული რომანტიზებით წაახალისოს უფრო მეტი დაუმორჩილებლობა პოლიციის მიმართ, რომელიც სწორედ წესრიგის აღდგენისკენ არის მოწადინებული“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე განაცხადა, რომ  ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ დასაგმობია. 

"სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავდით, რომ პოლიტიკოსები და პარლამენტის წევრები იყენებდნენ ბავშვების და ახალგაზრდების ენერგიას, რათა ეს ენერგია მიემართათ აგრესიისკენ. ჩვენ ვნახეთ ამის მაგალითი გუშინ, როდესაც პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა მოუწოდა ახალგაზრდებს პარლამენტის პიკეტირებისკენ, რისი შედეგიც, ჩვენ ვნახეთ, გადაიზარდა ძალადობაში პოლიციელების წინააღმდეგ და ასევე შენობის დაზიანებაში. 

ნებისმიერი ძალადობა არის დასაგმობი და განსაკუთრებით, როდესაც ეს ძალადობა არის სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში პარლამენტის სასახლის წინააღმდეგ. მე მიკვირს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები და არასამთავრობოები როგორ ახერხებენ ამის მიმართ სიმპათიის გამოხატვას," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი