მე მჯერა ევროპული ღირებულებების და არა ბრიუსელის ბიუროკრატების, საქართველო ევროპული ქვეყნებისათვის სუვერენიტეტის მაგალითი შეიძლება, გახდეს - პრეზიდენტი

18 თებერვალი 2025, 09:57 256 ნახვა

მე მჯერა ევროპული ღირებულებების და არა ბრიუსელის ბიუროკრატების, გავბედავ იმის თქმას, რომ საქართველო ევროპული ქვეყნებისათვის სუვერენიტეტის მაგალითი შეიძლება, გახდეს, სწორედ ამგვარად ემთხვევა დონალდ ტრამპის შეხედულებები მოქმედი მთავრობის პოზიციებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ფრანგულ Radio Courtoisie-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებები ყველა კონფლიქტის მიმართ განისაზღვრებოდა ეროვნული ინტერესებით.

„ჩვენი ქმედებების მნიშვნელობა განისაზღვრებოდა ჩვენი ეროვნული ინტერესებით ყველა კონფლიქტის მიმართ. სამწუხაროდ, ეს არასოდეს მომხდარა წინა მთავრობების დროს, რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ გარე ძალებზე. ხალხმა ეს ნათლად დაინახა… ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩებოდა განვითარების გზაზე, მაგრამ ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ასევე ეკონომიკური მაჩვენებლების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საქართველო მათ ბევრად უსწრებს. ევროპა, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, არ არის დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ. აუცილებელია ადგილზე სიტუაციის შეფასება, რათა ვნახოთ, რა შედეგები აქვს ამ მთავრობას განვითარების კუთხით. მე მჯერა ევროპული ღირებულებების და არა ბრიუსელის ბიუროკრატების. გავბედავ იმის თქმას, რომ საქართველო ევროპული ქვეყნებისათვის სუვერენიტეტის მაგალითი შეიძლება გახდეს. სწორედ ამგვარად ემთხვევა დონალდ ტრამპის შეხედულებები მოქმედი მთავრობის პოზიციებს. ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ასე შემდეგ. ჩვენთვის ევროპული ბიუროკრატიის მიერ მოწყობილი ეს დევნა არ წარმოადგენს ნამდვილ ევროპას, რომელიც ჩემს თვალში ნიშნავს განსხვავებულ მოსაზრებებსა და ფაქტების გადამოწმებას. ეს სრულიად საპირისპიროა იმ გადაწყვეტილების, რომლის მიხედვითაც აკრძალეს ევროპაში შესვლა ქართული დიპლომატიური პასპორტებით“, – განცხადა ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე უპასუხა შეკითხვას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ.

მისი თქმით, საქართველოში სანქციებს საპირისპირო ეფექტი აქვს, რადგან მოსახლეობამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია, იმ გმირი პერსონების მემკვიდრე, რომლებმაც საქართველოს ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში ქვეყანა გადაარჩინეს.

„სჯობს, გავიხსენოთ მისი მოღვაწეობა როგორც მეცენატის, რომელიც თავის ქვეყანას კულტურული მემკვიდრეობის, განათლების, ეკონომიკისა და სპორტის სფეროებში უჭერს მხარს. მან მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. ციფრები ოფიციალურად ცნობილია და ყველასთვის ხელმისაწვდომია. საქართველოში ამ სანქციებს საპირისპირო ეფექტი აქვს, რადგან მოსახლეობამ იცის, რომ ის ქველმოქმედია, იმ გმირი პერსონების მემკვიდრე, რომლებმაც საქართველოს ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში ქვეყანა გადაარჩინეს. ის შთააგონებს ხალხს.

რაც შეეხება ყოველდღიურ აქციებს – რას აპროტესტებენ ეს ახალგაზრდები, ჩემი შვილების თაობის წარმომადგენლები? ჩემი აზრით, ისინი შეცდომაში არიან შეყვანილნი. რატომ ვაყენებ ამ ჰიპოთეზას? რადგან არჩევნებში დაახლოებით 18 პარტია მონაწილეობდა. ყველა მათგანის, ვინც 5%-იან ბარიერს უახლოვდებოდა, შედეგები დიდწილად ემთხვეოდა წინასწარ ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებს. ჩვენი ჟურნალისტებიც აკვირდებოდნენ პროცესს. აღინიშნა, რომ არჩევნებამდე ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქებდნენ გამოყენებულ ტექნოლოგიებს და აცხადებდნენ, რომ შედეგების გაყალბება შეუძლებელი იქნებოდა. არჩევნებზე 2.2 მილიონი ამომრჩეველი მივიდა, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ საუკეთესო კამპანია ჩაატარა, ალბათ იმიტომ, რომ პარტიას ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა ამომრჩევლებთან“, - განაცხადა ყაველაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში