ვრცელდება "ფეიკ ნიუსები", თითქოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან - სუსი

06 მარტი 2023, 13:30 804 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს პოლიტიკური ჯგუფებისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

უწყების განცხადებით, პარლამენტში მოვლენების განვითარების დღიდან, ადგილზე არ ყოფილა სამსახურის არცერთი თანამშრომელი.

"საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენების პარალელურად, პოლიტიკური ჯგუფებისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება "ფეიკ ნიუსები", თითქოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ზოგიერთი პოლიტიკოსი კი აკეთებს უპასუხისმგებლო განცხადებას, თითქოს ქართული სპეცსამსახურის მხრიდან პარლამენტში გარკვეული სახის ძალადობას აქვს ადგილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პარლამენტის შენობაში აღნიშნული მოვლენების განვითარების დღიდან, ადგილზე არ ყოფილა სამსახურის არცერთი თანამშრომელი.

პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან გაკეთებული განცხადებები სრულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ქართული სპეცსამსახურის დისკრედიტაციის მცდელობას.

მოვუწოდებთ პარლამენტის ტერიტორიაზე მყოფ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი