არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, არ უთხრათ უარი საქართველოს განვითარებას და ევროპულ მომავალს - მაჟორიტარებს მიმართვა აჭარიდან

06 მარტი 2023, 11:22 811 ნახვა

"მოგმართავთ, არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, არ უთხრათ უარი საქართველოს განვითარებას და ევროპულ მომავალს" - ამ მოთხოვნით აჭარაში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ჟურნალისტები და აქტივისტები მიმართავენ რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს საქართველოს პარლამენტში.

ისინი რესან კონცელიძეს, ანზორ ბოლქვაძეს და ზაალ მიქელაძეს მოუწოდებენ მხარი არ დაუჭირონ ,,რუსულ კანონს''.

მიმართვის ტექსტს  უცვლელად გთავაზობთ.

"თქვენ წარმოადგენთ რეგიონის ხმას საქართველოს პარლამენტში და გვინდა ჩვენი მოსაზრებებიც გაახმოვანოთ, გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრდეთ და არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, არ შეაჩეროთ ქვეყნის განვითარება, არ შეუქმნათ საფრთხე საქართველოს ევროპულ მომავალს. ნუ დაეხმარებით ქვეყანაში სამოქალაქო სექტორისა და მედიის ჩარჩოებში მოქცევას, უამრავი ადამიანის დახმარების გარეშე დარჩენას, დემოკრატიული წინსვლის შეფერხებას.

ეს კანონი შეეხება აბსოლუტურად ყველას, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ ყველა მიმართულებით, ეს იქნებიან ბავშვები, ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მეცნიერები, დევნილები, უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანები, უსახლკაროები, მოხუცები, მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებლები, სტუდენტები და სხვა ბევრი. მათი პრობლემების გამხმოვანებლები კი დიდწილად დამოუკიდებელი მედიასაშუალებები არიან, რომლებიც ასევე დონორების დაფინანსებით ახერხებენ მუშაობას. თუ ამ ქვეყანაში რამე კარგი კეთდება, ეს მხოლოდ უცხოური ფონდების და დაფინანსების დახმარებით.

კანონი კი ემყარება ცრუ ნარატივს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს უცხოურ აგენტებად წარმოაჩენს, როცა სინამდვილეში ყველაზე მეტად ეს სექტორები მუშაობენ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე მოქმედებენ მკაცრი რეგულაციებისა და ზედამხედველობის ქვეშ და შემოთავაზებული კანონი ბევრად სცილდება იმას, რაც აუცილებელია რეალური პრობლემების მოსაგვარებლად.

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს, მხარს უჭერენ დემოკრატიას და გვეხმარებიან სოციალური საკითხების მოგვარებაში. ეს ჩვენს რეგიონშიც უამრავ ადამიანს უგრძვნია და მრავალნაირი დახმარება, ხელშეწყობა, ცოდნა მიუღია ასეთი ორგანიზაციებისა თუ ჟურნალისწტებიგან. გვინდა ისევ გავაგრძელოთ კარგი საქმეების კეთება, საქართველოს განვითარებაში სხვადასხვანაირი წვლილის შეტანა, უკეთესი ქვეყნის აშენება.

მოგმართავთ, არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, არ უთხრათ უარი საქართველოს განვითარებას და ევროპულ მომავალს"- წერია მიმართვაში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი