პარლამენტში თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. სხდომაზე დეპუტატებმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტები უნდა განიხილონ.
პირველ საკითხად „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი უნდა განიხილონ, რომლის წარდგენასაც მომხსენებელი „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ცდილობს, თუმცა მას სიტყვით გამოსვლას ოპოზიციონერი დეპუტატები სხვადასხვა შეძახილით აწყვეტინებენ.
სხდომის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი უნდა განეხილათ, ხმაური და დაპირისპირება თითქმის ერთი საათი გრძელდებოდა.
სხდომათა დარბაზიდან პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები: დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, პაატა მანჯგალაძე.
სიტუაციის განეიტრალებას დაცვის პოლიციისა და მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ცდილობდნენ.