აფთიაქთა უმრავლესობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები თურქულ და იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც არ იყო გავრცელებული რეფერენტული ფასები - ზურაბ აზარაშვილი

27 თებერვალი 2023, 15:45 537 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აფთიაქების უმრავლესობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მედიკამენტების ფასები, როგორც თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე, ასევე იმ მედიკამენტებზეც, რომლებზეც ე.წ. რეფერენტული ფასები არ მოქმედებდა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, დიდი ალბათობით, საქმე ეხება შეთანხმებულ მოქმედებებს.

როგორც მან აღნიშნა, მსგავს ფაქტებზე სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება ექნება.

„მინდა, შევეხო მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც წინა კვირაში დაფიქსირდა. 15 თებერვლიდან მედიკამენტების ნაწილთან მიმართებით ძალაში შევიდა რეფერენტული ფასები და მაქსიმალური ზღვარი განვსაზღვრეთ. დაფიქსირდა ფაქტები, როცა კონკრეტულ აფთიაქებში, სამწუხაროდ, აფთიაქების უმრავლესობაში, მედიკამენტებზე, რომლებზეც არ იყო გავრცელებული რეფერენტული ფასები, მნიშვნელოვნად გაძვირდა ფასები. ასევე, თურქულ მედიკამენტებზე, რომლებიც პარალელური იმპორტით შემოდის თურქეთიდან, ფასების მნიშვნელოვანი ზრდა მოხდა. სამწუხაროდ, ფაქტი გვაჩვენებს, რომ დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს შეთანხმებულ მოქმედებებთან. ეს სამწუხარო ფაქტი ისევ და ისევ გამომდინარეობს იქიდან, რომ რამდენიმე ჰოლდინგი არის დომინანტი ფარმაცევტულ ბაზარზე, მთლიანად სამედიცინო ბაზარზე...

მინდა, დავაფიქსირო ჩვენი მკაცრი პოზიცია, სახელმწიფოს პოზიცია იქნება საკმაოდ მკაცრი. რეგულაციაში შესაბამისი ცვლილებებით უკვე მივმართეთ მთავრობას, ასევე მივმართავთ პარლამენტს. მოგეხსენებათ, ჩართულია კონკურენციის სააგენტო. მსგავს ფაქტებზე ჩვენი მიდგომა, რეაგირება ყოველთვის მკაცრი იქნება. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე როგორც ფარმაცევტულ, ისე სამედიცინო სექტორში. ყოვლად დაუშვებელია ის ფაქტები, რაც გარკვეულ მედიკამენტზე რეფერენტული ფასების დაწესებას მოჰყვა. მივყვებით რეფორმას, რაც დაგეგმილი და მკაცრად გაწერილი გვაქვს სამედიცინო სექტორში და ფარმაცევტულ ბაზარზე. ამ რეფორმას აუცილებლად  მივიყვანთ ბოლოში. რეფორმის ნაწილი და ჩვენი მხრიდან ყველაზე რთული იქნება წინააღმდეგობა ჰოლდინგურ შეთქმულებებთან.

აქედან გამომდინარე, მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება რეფორმაზეც და ფასთწარმოქმნაც სამართლიანი იქნება, ასევე ბაზრის მონაწილეებიც ერთმანეთთან კონკურენტულ გარემოში იქნებიან და ორი-სამი ჰოლდინგის შეთანხმებისას ბაზარზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება, ზემოქმედების მოხდენა შეუძლებელი აღმოჩნდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი