საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ამსტერდამში ნიდერლანდების ნაკრებს ეთამაშება. ზუროსის გუნდი სრული შემადგენლობით მომავალი შეხვედრისთვის უკვე მზადაა. საქართველოს ნაკრებს ამ მატჩში მოგება აუცილებლად სჭირდებათ.
ქართველ კალათბურთელებს შესარჩევ ჯგუფში 4-4 მოგება-წაგება აქვთ და ასეთივე შედეგი აქვს ისლანდიას, უკრაინის აქტივში კი 3 გამარჯვებაა.
ვინაიდან ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე უკვე გასულები არიან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი და იტალია, დარჩენილი ერთადერთი საგზურისთვის ბრძოლა სწორედ აღნიშნულ სამ ნაკრებს შორის გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
მანამდე კი „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველ კალათბურთელებს მიმართა და მათ მომავალ მატჩებში წარმატება უსურვა.