დაკავებული ქართველი მეღზვაური დახმარებას ითხოვს

07 თებერვალი 2023, 17:42 642 ნახვა

ესპანეთში დაკავებული მეზღვაური ნუკრი გოგიტიძე დახმარებას ითხოვს. დახმარების შესახებ ვიდეო მიმართვა მისმა დამ ნინო გოგიტიძემ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა და ყველა შესაბამის უწყებას   თემით დაინტერესებისკენ მოუწოდა. როგორც დაკავებული მეზღვაური აღნიშნავს 2 წლის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ესპანურმა პოლიციამ დააკავა. გემზე, რომელზეც პირველად იმყოფებოდა, 3000 კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდა, რომლის შესახებაც რიგით მეზღვაურებს, მათ შორის კიდევ სამ ქართველს,  არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. როგორც აცხადებს, ისინი  გემზე კონტრაქტით იმყოფებოდნენ.ნუკრი გოგიტიძე ვიდეო მიმართვაში ყვება, რომ  სახაზინო  ადვოკატი ჰყავს, რომელიც ორი წლის განმავლობაში მხოლოდ  ერთხელ ნახა და  არაფერს  არ აკეთებს. იმის გამო, რომ ოჯახს საშუალება არ აქვს, ვერ აჰყავს ადვოკატი, რომელიც  მის უდანაშაულობას დაამტკიცებს.  მისი და - ფეისბუქზე განმარტავს, რომ  ორი წელია სახელმწიფოსაგან დახმარებას უშედეგოდ ელიან. ნუკრი გოგიტიძე გავრცელებულ ვიდეოში ყვება, რომ ამ ხნის განმავლობაში, კომპანიის მხრიდან იყო მხოლოდ შეთავაზებები, ფულის სანაცვლოდ ეღიარებინა  დანაშაული, რომელიც მისი თქმით  არ ჩაუდენია. ოჯახი  მოითხოვს,  შეწყვიტონ ზეწოლა მეზღვაურზე და  ხელისუფლებამ იზრუნოს თავის მოქალაქეზე, დაუნიშნონ ადვოკატი და დაიცვან ნუკრი გოგიტიძე  უთანასწორო ბრძოლაში. საქმესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია წერილობით მოგვაწოდეს და გვითხრეს, რომ  ესპანეთში საქართველოს საელჩო  მუდმივ კონტაქტზეა დაკავებული ქართველი მეზღვაურების უფლებადამცველებთან.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი