სირიის ქალაქ ალეპოში მაშველებმა სამძებრო ოპერაცია დღეს გამთენიისას განაახლეს, ნანგრევებში ეძებენ გადარჩენილებს და პოულობენ დაღუპულებს. ბოლო მონაცემებით, სირიაში სულ მცირე ათას 444 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 3 ათას 500 დაშავდა.
მიწისძვრამ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში დააზარალა ქალაქები აფრინი, კუბანი, ქამიშლო და ჰასაკი. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა ასევე დამასკოში, იდლიბში, ალეპოში, ჰამაში, ლატაკიაში, ტარტუსსა და რაქაში. ყველაზე მძიმე სიტუაცია ქალაქ სინდირესშია, სადაც 80 სახლი დაინგრა, ნანგრევების ქვეშ დარჩა ასობით ადამიანი, ქალაქ აფრინში კი 30 სახლია სრულად განადგურებული.
მიწისძვრამ სირიაში 11 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე გამანადგურებელი შედეგი გამოიწვია. დიდია მსხვერპლიც. სტიქიის რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. ნანგრევებში ათასობით ადამიანია მოყოლილი, რომელთა გადარჩენა ვერ ხერხდება.
ვერ ეხმარებიან ასევე ზამთრის ცივ ამინდში ათასობით დაშავებულსა ან უსახლკაროდ დარჩენილსაც.