ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა. უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, ბოლო ორ წელიწადში შეიქმნა 220 000 სამუშაო ადგილი, ლარის კურსი არის სტაბილური და მთავრობას დაგეგმილი აქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი, რომელიც წელს განხორციელდება.
"მინდა, კიდევ ერთხელ შევაფასო არსებული სიტუაცია, მიმდინარე ვითარება. იცით, რომ გასული წელი დავხურეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა დაზუსტებული მონაცემები. კერძოდ, 10,1% არის 2022 წლის, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ორი წელია, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ეს შემთხვევით არ ყოფილა, ეს არის ჩვენი მთავრობის, ხელისუფლების გააზრებული, გონივრული პოლიტიკის შედეგი. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ორნიშნა ინფლაცია. გასულ წელს იყო პერიოდი, როდესაც ინფლაციამ მიაღწია 12 და 13%-ს, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის გლობალური გამოწვევა, პრობლემა, რომელიც დაიწყო კორონავირუსის პანდემიის დროს, შემდეგ გაგრძელდა უკრაინის ომის შემდეგ. ამას ევროპაში ომიდან გამოწვეული ინფლაციაც დაარქვეს. ჩვენ არ ვიქნებოდით გამონაკლისი ამ შემთხვევაში. ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი იწყებს დასტაბილურებას. კერძოდ, მიმდინარე ინფლაცია უკვე 9,4%-ია, რაც შეიძლება ითქვას, რომ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად, კიდევ უფრო შევამციროთ ინფლაცია.
მოგეხსენებათ, ფასები არის ის პრობლემა და გამოწვევა, რომელიც დღეს მსოფლიოს და ჩვენ ხალხს აწუხებს. ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა. უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა დასული. ბოლო ორ წელიწადში შეიქმნა 220 000 სამუშაო ადგილი. ლარის კურსი არის სტაბილური და დაგეგმილი გვაქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი, რომელიც წელს განხორციელდება“, - განაცხადა პრემიერმა.