ზურაბ ჩხაიძის მცდელობა, იძულებული გახადოს „ემპათია“, მონაწილეობა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაში, კრახით დასრულდება, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში წერს და „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას ეხმაურება.
"კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის, ჩხაიძის დღევანდელი განცხადება არის თავდასხმა ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტთა ჯგუფზე, რომლის მთავარი მოტივაციაა, რომ ცენტრმა „ემპათიამ“ გაიზიაროს მათი არასამედიცინო კონცეფცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ეტიოლოგიური ფაქტორების: „გემრიელი საკვების არმიტანა“, „თვითდაზიანების რეჟიმში – დიეტური კვება“, „ათთვიანი ფსიქოგენური სიცხე“ და „კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ხილული პათოლოგიის გარეშე“, „ინტოკსიკაციის გამორიცხვის შესახებ“, ბრალდებები, რომ პაციენტი არ ემორჩილება და ა.შ. ბატონი ჩხაიძე და მისი კლინიკის მესვეურები უხეშად არღვევენ პაციენტის უფლებებს, ასევე საერთაშორისო სამედიცინო ეთიკის სტანდარტებს, რითიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ პაციენტ სააკაშვილს და ცდილობენ, ცენტრ „ემპათიის“ დისკრედიტაციას. ჩხაიძის განცხადებები არის სიყალბე და ტყუილი. პატიმარი-პაციენტის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება იუსტიციის სამინისტროსა და კლინიკა „ვივამედს“. ჩხაიძის მცდელობა, იძულებული გახადოს ცენტრი „ემპათია“, მონაწილეობა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაში, რაღა თქმა უნდა, კრახით დასრულდება. შევახსენებთ ჩხაიძეს და მთლიანად კლინიკა „ვივამედს“, ექიმის ფიცის ქვაკუთხედია: „არ ავნო“, - წერს მარიამ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნის წინ, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ პაციენტი სააკაშვილი კვებასთან დაკავშირებით „ემპათიის“ რეკომენდაციებს ითვალისწინებს.