გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ლიგა ენდესას თვის საუკეთესო კალათბურთელი კიდევ ერთხელ გახდა. მან ამით ისტორია დაწერა, „ემ-ვი-პი“ (MVP)-ის ტიტული ყველაზე მეტჯერ მე-11-ედ მოიპოვა. იანვარში ქართველი კალათბურთელი ორჯერ დაასახელეს ტურის მოთამაშედ და ის, რაღა თქმა უნდა, საბოლოოდ თვის საუკეთესოც გახდა, ასევე იყო კიდევ ერთი „ემ-ვი-პი“ (MVP), რეალის ცენტრი ვალტერ ტავარეში და მან გიორგისთან ერთად გაიყო ეს პრიზი. ორივეს საშუალო მაჩვენებელი 26.8 ქულა იყო. ქართველი ცენტრი თვის საუკეთესო მოთამაშედ მე-11-ედ გახდა, მან ამით ამერიკელ ტანოკა ბერდს გაადაასწრო, რომელიც 10-ჯერ იყო თვის „ემ-ვი-პი“ (MVP). 11-დან სამჯერ ანდორაში იყო საუკეთესო, ერთხელ უნიკახაში ხოლო ტენერიფეში ყველაზე მეტჯერ შვიდჯერ გახდა საუკეთესო და რეკორდიც დაამყარა. შეგახსენებთ, რომ ტურის MVP გიორგი შერმადინი ამ სეზონში მეორედ გახდა, სულ კი მე-18-ედ. მას ერთი პრიზი სჭირდება, რომ არვიდას საბონისსა და ლუ როს დაეწიოს, რომელთაც 19-19 აქვთ.
თორნიკე შენგელიას შესანიშნავი მატჩი ჰქონდა ცვერნა ზვეზდას წინააღმდეგ. ქართველის ვირტუს ბოლონიამ მეტოქე მარტივად 84:72 დაამარცხა. პირველ პერიოდში დიდი უპირატესობა ჰქონდა იტალიურ გუნდს, სადაც 16 ქულით იგებდა, ეს მაჩვენებელი ბოლომდე შეინარჩუნა და გამარჯვებაც ბოლომდე მარტივად მიიყვანა. თორნიკე შენგელია შეხვედრის MVP გახდა. მან 15 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. თორნიკემ 26 წუთში 8-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ვირტუს ბოლონიამ ამ მოგებით ცრვენა ზვეზდას გადაასწრო და მე-11 ადგილზე გადავიდა. იტალიურ კლუბს მომდევნო ტურში ფრანგულ ლიონთან მატჩი ელის.
ფრანგული ლიგა 2-ის 21-ე ტურში ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ მორიგი გოლი გაიტანა და ეს ამ სეზონში მეათეა. მან როდეზს საჯარიმოს გარედან ბრწყინვალე დარტყმით გაუტანა. გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში 63-ე წუთზე გახსნა, მაგრამ 79-ე წუთზე ამირან სანაიას როდეზმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიში 1:1 დააფიქსირა. მეცი 33 ქულით მე-5 ადგილზეა და მეორეადგილოსან სოშოს 3 ქულით ჩამორჩება - ლიგა 1-ში ორი გუნდი გადადის. 6 თებერვალს გიორგის გოლის გატანის შანსები სტუმრად ამიენთან მიეცემა. ასევე ითამაშა კიდევ ერთმა ქართველმა ლიგა-2ში, ზურიკო დავითაშვილის ბორდომ შინ ლიდერთა დუელი დათმო ლე ავრთან - 1:2. ზურიკო სასტარტო შემადგენლობაში იყო, ის 75-ე წუთზე გამოცვალეს. ბორდო 36 ქულით მე-3 ადგილზეა და 3 თებერვალს პოს ესტუმრება.
არგენტინელი ნახევარმცველი, მსოფლიო თასის გამარჯვებული ენცო ფერნანდესი კარიერას „ჩელსიში“ გააგრძელებს. ლონდონურმა კლუბმა 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "ბენფიკას" 121 მილიონი ევრო გადაუხადა და პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა, იქამდე ამ სტატუსს ჯეკ გრილიში ირგებდა, რომელიც "ასტონ ვილადან" "მანჩესტერ სიტის" გასულ ზაფხულს 105 მილიონ ევროდ შეუერთდა. ენცომ "არისტოკრატებთან" 8.5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა "ბენფიკას" მაისურით 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასითაც გამოირჩა.
დღეს პოლონეთის ქალაქ ლეშნოში დევისის თასის მეორე ლიგის პლეი ოფის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებით, 2 და 3 თებერვალს "ლეშნო ტენის ქლაბ" არენაზე ერთმანეთს საქართველოს და ბოლივიის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან. დღევანდელი კენჭისყრის შედეგის თანახმად, 2 თებერვალს პირველ მატჩს ალექსანდრე ბაკში გამართავს, რომლის მეტოქე ხუან კარლოს პრადო ანჯელო იქნება. პირველი სათამაშო დღე ზურა ტყემალაძისა და რაულ გარსიას მატჩით დაიხურება.რაც შეეხება მომდევნო სათამაშო დღეს, 3 თებერვალს, პირველი მატჩი წყვილებს შორის გაიმართება, სადაც ალექსანდრე მეტრეველისა და ალექსანდრე ბაკშის წყვილი - სანტიაგო ნავაროს და ლორბეგის წყვილს დაუპირისპირდება. საქართველო-ბოლივიის დაპირისპირება, 2 თებერვალს, თბილისის დროით - 20:00 საათზე დაიწყება. 3 თებერვალს კი წყვილთა თანრიგის დაპირისპირება - 19:00 საათზეა ჩანიშნული.
11-12 თებერვალს სოფიაში ძიუდოში „ევროპის ღია გათამაშება“ გაიმართება. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 10-კაცით იასპარეზებს. ჩვენი გუნდი ახალგაზრდა სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული. ტურნირზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იქნება: საბა გრიგალაშვილი, ამირან დარბაისელი,ლევან ებელაშვილი,კოტე კაპანაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე, ნიკა სიდამონიძე, მიხეილ ჯაფარიძე, ომარ საური, ირაკლი დემეტრაშვილი. შეგახსენებთ, მანამდე 4-5 თებერვალს პარიზის გრანდ სლემი გაიმართება, რომელიც ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი 4 თებერვალს აიღებს სტარტს, ხოლო საქართველოს ნაკრები ტურნირში 5 თებერვალს ჩაერთვება. რაგბი ევროპის ოფიციალური საიტი დავით ნინიაშვილს და ბექა გორგაძეს ძალიან მნიშვნელოვან და ვრცელ პოსტს უძღვნის,სადაც ვკითხულობთ, რომ „საქართველოს ნაკრების მოთამაშეს დავით ნინიაშვილს ყველა თამაშის შემოტრიალება შეუძლია და 2023 წლის რაგბი ევროპაზე კი ის ახალი სიმაღლეების დაპყრობას ეცდება. ასევე ბექა გორგაძეზე ამბობენ, რომ ის ''ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია რაგბის სამყაროში. ისეთი მორაგბეა, რომელიც ნებისმიერ მწვრთნელს უყვარს. "ბორჯღალოსნები" 5 თებერვალს გერმანიას ავჭალის სტადიონზე 13 საათზე მასპინძლობენ, აღნიშნულ შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს. 11 თებერვალს ნიდერლანდებს ამსტერდამში ეწვევიან აღნიშნული შეხვედრა 16 საათსა და 15 წუთზე დაიწყება, 18-ში 22 საათზე კი ესპანეთს ტორელავეგაში ეთამაშებიან.