ეს უკვე მეორე შემთხვევაა,როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დისტანციურად ჩაერთო სასამართლო პროცესს. მიხეილ სააკაშვილმა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ისაუბრა. მან ადეკვატური მკურნალობა მოითხოვა და განცხადება უკრაინულ ენაზე გააკეთა. „ჩემს მიმართ ხორციელდება წამება და მე ვიყავი მოწამლული. თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. “ - სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო განცხადების შინაარსი მსჯავრდადებულმა პრეზიდენტმა. მან ჩართვის დროს საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და მისი ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის დემონსტრირების მიზნით მაისური აიწია. ამის შემდეგ ის სასამართლო პროცესს გამოეთიშა და მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესზე ამ წუთებში დაცვის მხარის მოწმეებს უსმენენ. ისინი ძირითადად სააკაშვილი მედდები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან. ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად შეინიშნება პაციენტის წონაში სწრაფი კლება და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, შედეგი სავალალო იქნება. მოწმის სახით მოუსმინეს მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის პირად ექთანსაც. მიხეილ სააკაშვილის მორიგ სასამართლო პროცეს აშუქებს ჩემი კოლეგა თამუნა გაზდელიანი, რომელიც მეტ დეტალს მთავარ გამოშვებაში შემოგთავაზებთ.