მთავარი სპორტში

31 იანვარი 2023, 19:46 648 ნახვა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე დაშვებას განიხილავს.  საუბარია რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით მომავალ, 2024 წელს პარიზში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე დაშვებაზე.ამ ფაქტმა კი უკრაინისა და მისი მხარდამჭერების უკმაყოფილება გამოიწვია. საუბარია რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით, მომავალ, 2024 წელს პარიზში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე დაშვებაზე. უკრაინელებს მხარდაჭერა სწრაფად გამოუცხადა პოლონეთმა. ქვეყნის სპორტის მინისტრის კამილ ბორტნიჩუკის აზრით, ოლიმპიადაზე რუსების დაშვება წარმოუდგენელია. უკრაინას მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა ესტონეთის პრემიერმა კაია კალასმაც. არსებულ ფაქტს გამოეხმაურა ლეგენდარული ყოფილი მოკრივე ვლადიმირ კლიჩკო და უკრაინის სპორტის მინისტრი ვადიმ ჰუტსაიტი.

მას შემდეგ, რაც რუსული სპორტი უკრაინაში ომის გამო თითქმის სრულ იზოლაციაშია, ფეხბურთში და კიდევ სხვა სახეობებში, რუსები კონტინენტის გამოცვლაზე დაფიქრდნენ. საუბარია ევროპიდან აზიაში გადასვლაზე. მართალია, ჯერ სპორტის არცერთ სახეობაში ეს არ მომხდარა, მაგრამ უახლოეს მომავალში პირველი პრეცედენტი ჭადრაკში დაფიქსირდება. ევროპული ჭადრაკის კავშირმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ორგანიზაცია 2023 წლის 24 თებერვლიდან რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის მისი რიგებიდან გასვლას ელის. ევროპული ჭადრაკის კავშირში მიაჩნიათ, რომ რუსეთის ფედერაცია ორ კონტინენტურ ორგანიზაციაში ვერ იქნება, ამიტომაც მან „ეი-სი-იუ“-ს (ECU) რიგები 24 თებერვლისთვის უნდა დატოვოს. იმის მიუხედავად, რომ რუსი მოჭადრაკეები აზიურ საერთაშორისო ტურნირებზე თავისუფლად იასპარეზებენ, რუსეთის ნაკრები ინდოეთში მორიგ საჭადრაკო ოლიმპიადაზე არ დაიშვება.

ახლა კი სხვა მნიშვნელოვანი ამბები. დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი კრივში. ტურნირი ორ ასაკობრივ კატეგორიაში - ახალგაზრდებსა და უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის ტარდება. ბათუმის რინგზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერები, მათ შორის ევროპის ჩემპიონები და მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები ასპარეზობენ. შეჯიბრება როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის ტარდება. აჭარის ნაკრები ვაჟთა შორის ტურნირზე 12 სპორტსმენითაა წარმოდგენილი, გოგონათა შორის კი რეგიონის ღირსებას ორი წარმომადგენელი დაიცავს. ჩემპიონატის შედეგების გათვალისწინებით დაკომპლექტდება საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრები, რომელიც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე იასპარეზებს. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს კრივში ბათუმის სპორტის სასახლე მასპინძლობს. ტურნირი ოთხ თებერვალს დასრულდება.

ჯაკარტაში მიმდინარე პნევმატური პისტოლეტიდან მსროლელთა მსოფლიო თასზე შეჯიბრება გაიმართა შერეულ წყვილთა შორის, რომელშიც ჩვენს პირველ ნაკრებს პლეი-ოფამდე ერთი ქულა დააკლდა.ტურნირში ჩვენი ორი დუეტი ჩაება, მათგან შედარებით უკეთ კი პირველი გუნდი გამოვიდა - ლიზი კილაძე-კაკო მოსულიშვილის შემადგენლობით, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე 570 ქულა დააგროვა და 18 მონაწილეს შორის მერვე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება მეორე გუნდს - მარიამ ფროდიაშვილი და ცოტნე მაჭავარიანი, მათი ჯამური მონაგარი 566 ქულა და მეათე ადგილია. საქართველოს ნაკრებს მორიგი სტარტი პირველ თებერვალს ექნებათ, როცა ქალებიც და ვაჟებიც გუნდურ პირველობაში გამოვლენ. იმ ტურნირზე ამ დასახელებულ ოთხეულს ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე დაემატებიან.

პარა ძიუდოში წლის პირველი ტურნირი ქალაქ ალმადაში იმართება. პორტუგალიის გრან პრის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა წარმატებით დაიწყო და პირველი ვერცხლის მედალი მოიპოვა. 60 კგ წონით კატეგორიაში ნუკრი მიღრიჯანაშვილმა ფინალში გასვლა მოახერხა. მან საწყის ეტაპზე მექსიკელი მეტოქე დაამარცხა, ნახევარფინალში ყირგიზ მოწინააღმდეგესაც აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც ყაზახ ანაუ სარიევთან წააგო. შეგახსენებთ, რომ მანამდე პორტუგალიის გრან პრი ძიუდოში გაიმართა, სადაც საქართველო 12 მონაწილით გამოვიდა და ორი მედალი მოიპოვა: ილია სულამანიძემ ოქრო და საბა ინანეიშვილმა   ვერცხლი.

ჯენარო გატუზო გიორგი მამარდაშვილის ვალენსიას აღარ გაწვრთნის. კლუბის ხელმძღვანელობამ და იტალიელმა სპეციალისტმა ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ ხელშეკრულება უნდა გაწყდეს. იტალიელ სპეციალისტს ძალიან ცუდი პერიოდი ჰქონდა ბოლო 2 თვე, ამ ხნის განმავლობაში ქართველი გოლკიპერის კარგი თამაშისა  მიუხედავად ვალენსიურმა კლუბმა 10 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგეს და 20 ქულით მე-14-ე პოზიციაზეა. დღეს ვალენსია სავარჯიშოდ უკვე დროებითმა თავკაცმა, ვორო გონსალესმა გაიყვანა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი