მთავრობის განცხადება

01 თებერვალი 2017, 00:00 2956 ნახვა

დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოფხვრა ინტენსიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. “დიდთოვლობის გამო, შეზღუდვები მხოლოდ მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ტრანსპორტზეა დაწესებული. აქტიურად იწმინდება შიდა გზები აჭარასა და გურიაში. ბათუმის ქუჩებში გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. საგანგებო რეჟიმში მუშაობს შესაბამისი ტექნიკა და სამსახურები. ქუჩებს, რომლებსაც ტექნიკა ვერ უდგება, მობილური ჯგუფები ასუფთავებენ. პრობლემა აღმოფხვრილია ე.წ ჭაობის დასახლებაში, სადაც მერიის პროგრამით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტექნიკის შეყვანა გართულდა.  შპს "ბათუმის წყალი" საგანგებო რეჟიმში ასუფთავებს სანიაღვრე არხებსა და ცხაურებს, რათა წყლის დაგუბების პრობლემა არ შეიქმნას. ასევე, ინტენსიურად იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები.  ამ დროისთვის აღმოფხვრილია ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში შექმნილი მცირე შეფერხებებიც. მუნიციპალიტეტებში შექმნილია საგანგებო შტაბები. ადგილობრივი მნიშვნელობის თემებთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზები ყველგან გაწმენდილია. მუშაობს, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ისე - მუნიციპალური ტექნიკა. მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გაწმენდა. სამუშაოები არ მიმდინარეობს მხოლოდ ზვავსაშიშ და მეწყერსაშიშ ადგილებში. საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ცენტრალური გზები ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია. მაღალმთიან რაიონებში, ყველა ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.  რეგიონს სრულად მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია.  - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი