ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბჭოთა რუსეთის რეპრესიებს შეწირული პირველი რექტორის ხუსეინ ნაკაიძის ბიუსტი დაიდგა. ბიუსტი დღეს საზეიმოდ გახსნეს და ცერემონიას პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადენლები და ნაკაიძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს პირველი რექტორის ღვაწლი, ისაუბრეს ბათუმში უმაღლესი სასწავლებლის დაარსებასა და რეგიონში განათლების განვითარების საქმეში მის როლზე. ხუსეინ ნაკაიძე 1935-38 წლებში მოღვაწეობდა და მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ბათუმის ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში. ის ინსტიტუტის მხოლოდ პირველ გამოშვებას დაესწრო. ხუსეინ ნაკაიძე საბჭოთა რეჟიმმა 1938 წელს „ხალხის მტრის“ ბრალდებით სალექციო აუდიტორიიდან გაიყვანეს და დახვრიტეს.