კეზერაშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვა მოითხოვეს, სასამართლომ კი ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლეთა კოლეგიამ განმარტა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპს ვერ დაარღვევენ, რადგან „მხარემ შუამდგომლობა პირველ ინსტანციაში არ დააყენა. კეზერაშვილის ადვოკატის განცხადებით, მოწმეები დაადასტურებენ, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის კეზერაშვილს ზიანი არ მიუყენებია და წვრთნები, რომლებიც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, შეიარაღებულ ძალებში ჩატარდა. გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, წვრთნებს ხელი შეუშალა აგვისტოს ომის შემდგომ ობიექტურმა გარემოებებმა. კეზერაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია, კეზერაშვილს საქართველოში „ფორმულას“ გარდა, ქონება არ გააჩნია და პროცესი „ფორმულას“ წინააღმდეგ არის მიმართული.29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფორმულას“ დამფუძნებელს დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა.დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა.