მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა აღესრულება. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ის მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება. ნათლისღებას ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს განცხადდა სამება სრული სახით - ქრისტეს ნათლობის დროს სულიწმინდა მტრედის სახით გამოჩნდა, ზეციდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".
ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება - დიდი აიაზმა სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.
საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.
აჭარაში, დღესასწაულს ტრადიციულად ზღვაში განბანვის რიტუალით შეხვდნენ.