ევროკავშირი წევრ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართავს, ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს კორონავირუსზე ტესტირების საბუთი მოსთხოვონ - "ევრონიუსი"

05 იანვარი 2023, 14:40 572 ნახვა

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას უწევს, რომ ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს „კოვიდ-19“-ზე ტესტირების დამადასტურებელი საბუთი მოსთხოვონ -  ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის ტესტი უნდა ჩატარდეს ფრენის დაწყებამდე არაუმეტეს 48 საათით ადრე.

"ევრონიუსი“ წერს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც იურიდიულად სავალდებულო არ არის, მიღებულია ევროკავშირის „ინტეგრირებული პოლიტიკური კრიზისის რეაგირების (IPCR)“ ჯგუფის მიერ. ეს არის ორგანო, რომელიც ეხმარება კრიზისების მართვის კოორდინაციას 27 წევრ სახელმწიფოს შორის.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირში ასევე შეთანხმდნენ, რომ ჩინეთიდან ევროკავშირის მიმართულებით რეისებზე მგზავრებმა უნდა ატარონ სამედიცინო ნიღბები ან რესპირატორები, გარდა სხვა ჰიგიენური ზომებისა, რაც შეიძლება, ეროვნული ხელისუფლების მიერ იყოს დაწესებული; წევრ ქვეყნებს აგრეთვე მოუწოდებენ, ჩაატარონ „შემთხვევითი ტესტირება“ ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებზე. რეკომენდაციები ძალაში ორშაბათიდან შევა.

ევროპის ქვეყნებში ფიქრობენ, რომ ინფექციების უკონტროლო ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ახალი და უფრო ინფექციური "COVID-19"-ის ვარიანტები, რაც საფრთხეს უქმნის ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს.

პეკინმა მოგზაურობის შეზღუდვებს მიუღებელი და დისკრიმინაციული უწოდა.

ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჩინეთის მონაცემები არ იძლევა ზუსტ სურათს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ და ნაკლებად გამოხატავს ჰოსპიტალიზაციისა და დაავადებით დაღუპულთა რაოდენობაზე რეალურ მდგომარეობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი