საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტზეც ისაუბრა.
მისივე თქმით ეს არის ისტორიული პროექტი, რომელსაც ევროკავშირის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.
"ჩვენ წარმატებული ნაბიჯი გადავდგით, მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ვიმყოფებოდი ბუქარესტში, სადაც ისტორიულ პროექტს ჩავუყარეთ საფუძველი. ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული ინიციატივა, ჩვენ მიერ მიტანილი ინიციატივა ევროკავშირში, ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან, რუმინეთთან. ჩვენ რუმინეთთან ერთად დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება, რომელსაც შეუერთდა აზერბაიჯანი, უნგრეთი და სრული მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს ევროკავშირის მხრიდან. მოგეხსენებათ, ქალბატონი ფონ დერ ლაიენი იმყოფებოდა ჩვენთან ერთად ბუქარესტში და საზეიმოდ აღვნიშნეთ ამ პროექტის დაწყება. სულ მალე, რამდენიმე თვეში დასრულდება კვლევები, ე.წ. ფიზიბილითი და ამის შემდეგ აქტიურ სამუშაოებზე გადავალთ. რას მოუტანს ეს ქვეყანას? შეიძლება ითქვას, რომ ეს მეორე ბაქო-ჯეიჰანი-თბილისის პროექტია, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ელექტროენერგიის გარანტირებული რეალიზაციის საშუალება, ეს არის ჩვენი ენერგოსისტემის ევროკავშირის ენერგოსისტემასთან პირდაპირი დაკავშირება და ისტორიული მნიშვნელობის პროექტი. დაახლოებით 2-3 მილიარდი დოლარი დაჯდება აღნიშნული პროექტი და ამ პროექტს განვახორციელებთ ჩვენ ყველანი ერთად, ის ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ აღნიშნულ მემორანდუმს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, აუცილებელია, საქართველოს ჰქონდეს ელექტროენერგიის შესაბამისი გამომუშავება, ამიტომ გვჭირდება გენერაციის ობიექტების განვთარება, აშენება, როგორც ქარის, მზის, ჰიდროელექტროსადგურების, ასევე, თბოსადგურების, რომ ჩვენ ჩვენი წილი ელექტროენერგია გავყიდოთ ევროკავშირში, რაც ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, საბოლოო ჯამში, ჩვენს ხალხზე აისახება ეს სიკეთე. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ეკონომიკის ზრდა წინ უსწრებს გენერაციის გამომუშავებას, აუცილებელია, ეს პროპორციები პირიქით შევატრიალოთ. გენერაცია უნდა უსწრებდეს ეკონომიკის ზრდას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო ძალისხმევას პორტებზე, ინფრასტრუქტურასა და რკინიგზაზე მიმართავს, ასევე აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის დანარჩენ 49 პროცენტზე გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი.
"მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ დავაანონსეთ ანაკლიის პორტის მშენებლობა, ჩვენი გადაწყვეტილებით, აშენდება. სახელმწიფო უნდა იყოს მესაკუთრე აღნიშნული სტრატეგიული ობიექტის, ანაკლიის პორტის 51 პროცენტი იქნება სახელმწიფოს კუთვნილება. ფოთის პორტი არის გასხვისებული, ბათუმის პორტი არის გასხვისებული, ჩვენ არავითარი ბერკეტი არ გვაქვს გარკვეული რეგულაციები მოვახდინოთ ტარიფებთან მიმართებაში თუ სხვა, ამიტომ იმ ფონზე, როცა მსოფლიოს ქვეყნები და განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ქვეყნები, თანხმდებიან, რომ აუცილებელია დივერსიფიკაცია, ახალი მარშრუტების დამუშავება, ჩვენს კორიდორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებული ყურადღება არის მიმართული ჩვენი კორიდორის მიმართ, ამიტომ აუცილებელი არის, რომ იყოს გამართული პორტი, პორტები, ინფრასტრუქტურა, რკინიგზა და სწორედ ამ მიმართულებით, ჩვენ განსაკუთრებული ძალისხმევას მივმართავთ და განსაკუთრებით ინვესტიციებს ჩავდებთ. დანარჩენ 49 პროცენტზე გვინდა, გამოვაცხადოთ საერთაშორისო ტენდერი, ბევრი კომპანია გამოხატავს ინტერესს და უახლოეს რამდენიმე თვეში გაირკვევა შესაბამისი შედეგიც“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.