საქართველოშიც დაფუძნდება ახალი ვენჩურულ-საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2023 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.
„ჩვენ თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავდივართ, როდესაც სტარტაპ ეკოსისტემას ფინანსური მხარდაჭერის ახალი, უფრო მეტად გამართული ინსტიტუციური საშუალება უჩნდება.
გარდა იმისა, რომ ჩვენ აქსელერაციის ბაზაზე ამ კომპანიებს ვეხმარებით ხოლმე და ტექნიკური შესაძლებლობების ზრდა ხდება, რაშიც მონაწილეობენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, მათ შორის „500 startups”, რომელიც, როგორც გითხარით, გამორჩეული აქსელერატორია, წარმოდგენილია 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში და საქართველოშიც ფუძნდება ახალი საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2023 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. ამ ფონდში რამდენიმე პარტნიორი გვეყოლება უშუალოდ „500 startups”-თან ერთად, რომელიც ფონდის დაფუძნების ინიციატორია. აქ ასევე იქნება „საქართველოს ბანკი“, რამდენიმე სხვა კერძო ინვესტორი და პირველი თანხების მობილიზება 2023 წელს მოხდება.
ფონდის ზომა დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარია, რასაც პირველ ეტაპზე მოვიაზრებთ, თუმცა ვფიქრობ, რომ არაერთი სტარტაპის წარმატების ისტორია გვაფიქრებს იმას, რომ ეს წამოწყება ზოგადად იქნება ძალიან წარმატებული და ფონდიც მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე განცხადებით, 2023 წელს საპარტნიორო ფონდის რეფორმირებების შედეგად საქართველოს განვითარების ფონდი შეიქმნება.
"იმედი გვაქვს, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ცვლილებები განხორციელდება, ოპერატიულად მოხდება და შემდეგში ჩამოყალიბდება ახალი სტრუქტურა საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად. ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი ფონდი და მეტი დამოუკიდებლობა არის ამ საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი აზრი. არ უნდა იყოს ბიუჯეტზე დამოკიდებული ორგანიზაცია და აქ ცალსახაა, რომ ფისკალური ვალდებულებებისგან ჩვენ ვთავისუფლდებით. მას ექნება თავისი რესურსები. ის თავისი გამჭრიახი და სწორი საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მოახდენს თავისი კაპიტალის დაგროვებას, ზრდას და შემდეგ საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას და განხორციელებას. აქაც პრიორიტეტები უფრო მკაფიოდაა განსაზღვრული, უფრო ვიდრე ადრე იყო, წინა კანონში. კონკრეტული მიმართულებები განისაზღვრა, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია, ესაა ექსპორტზე ორიენტირებული, ეს არის უფრო ინოვაციური მიმართულებები და პროექტები“,- განაცხადა დავითაშვილმა.